„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის საარჩევნო სიის შედგენის პრინციპი განმარტა. მან ამ პრინციპის დეტალებზე ცესკოში სიის დარეგისტრირების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ჩვენ წარვადგინეთ ოცეული. ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში მოდიან დელეგატები ანბანური მაჩვენებლის მიხედვით, რომ რაღაც განსხვავება არ ყოფილიყო. შესაბამისად, 50-მდე ასე დაკომპლექტდა.
შემდეგ, როგორც ეს ჩვენი შეთანხმებით, წინასწარვე ცნობილი იყო, „ხალხის ძალის“ ის 5 დარჩენილი დეპუტატი, რომელიც არ არის ოცეულში და არ არის 30 დელეგატში.
ამის შემდეგ 56-დან იწყება ყველა ის დეპუტატი, რომელიც რჩება უმრავლესობაში და ეს სია არის 93-მდე. 93-დან არის ყველა ახალი სახე, მათ შორის, საკონსტიტუციო უმრავლესობისათვის საკმარისი შემდეგი ოცეული, როგორც საზოგადოებას დავპირდით, ასევე ძალიან შთამბეჭდავი სიაა ის ოცეული, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობის რაოდენობამდეა და მას შემდეგაც, 120-მდე ასე დავაკომპლექტეთ.
120-მდეც არიან ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, მაგრამ 120-ის შემდეგ არის ჩაწერილი ძალიან ღირსეული, ჩვენი 50 ახალგაზრდა. ანუ არც ერთი მონაკვეთი არ არის, სადაც გარკვეული პრინციპი არ არის - მთელი სია აგებულია გარკვეულ პრინციპებზე. 93-დან, ამ ადამიანებს გაიცნობთ ამ დღეებში, არიან ძალიან ღირსეული ადამიანები, ისეთი ხალხი მოხვდა ამ სიაში, ძალიან მიხარია. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იქნებიან, პირველივე სხდომაზე იქნებიან შემოსული პარლამენტში და შესაბამისად, მათ წინასწარვე წარმატებას ვუსურვებ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ ცესკოში საარჩევნო სია წარადგინა. სია ცესკოში პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დაარეგისტრირა.