შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ა.ჯ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო წარსულში ნასამართლევი პირები: 1969 წელს დაბადებული თ.ზ. და 1993 წელს დაბადებული ბ.ჯ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, ბრალდებულმა ა.ჯ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თბილისში, დიდ დიღომში, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1993 წელს დაბადებულ გ.ჯ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ა.ჯ ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაჭრის ფაქტს შეესწრნენ - ბ.ჯ. და თ.ზ., თუმცა მათ პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.