ეკა სეფაშვილი: მიუხედავად მცდელობისა თავიანთი უცხოელი პატრონები დაარწმუნონ, რომ მათი განცხადებები ძალიან ეხმარებათ წინასაარჩევნო კამპანიაში, ყველასათვის ცხადია - ოპოზიცია ვერ მოიგებს არჩევნებს

ეკა სეფაშვილი: მიუხედავად მცდელობისა თავიანთი უცხოელი პატრონები დაარწმუნონ, რომ მათი განცხადებები ძალიან ეხმარებათ წინასაარჩევნო კამპანიაში, ყველასათვის ცხადია - ოპოზიცია ვერ მოიგებს არჩევნებს

ამ ბოლო ოთხი წლის მანძილზე ოპოზიციამ ის მომხრეებიც დაკარგა, რომლებიც 2020 წლისთვის ჰყავდათ. ოპოზიციის რეიტინგი გამუდმებით ეცემა, რასაც მოწმობს არა მარტო ჩვენი, არამედ მათ მიერ ჩატარებული კვლევები,” -  განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა, როცა კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მიერ წარმოებულ წინასაარჩევნო კამპანიაზე.

ეკა სეფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რადიკალური ძალების უცხოელი მხარდამჭერები არა არჩევნებისათვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ემზადებიან, რაც ვითარების დაძაბვაში და არჩევნების შედეგების გაყალბებულად გამოცხადებაში მდგომარეობს.

„ჩვენი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან იმის განცხადება, რომ ოპოზიცია ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომ პერიოდში არეულობების მოსაწყობად, მხოლოდ განცხადება არ არის და ეს სხვადასხვა ფაქტით დასტურდება. მე შეგახსენებთ ეკა გიგაურის ორგანიზაციის მსგავსი არასამთავრობოების შეხვედრას ყვარელში, სადაც პირდაპირ ითქვა, რომ ისინი ემზადებიან არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის. ასევე შეგახსენებთ მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშს, სადაც პირდაპირ წერია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები გამოაცხადებენ არჩევნების შემდეგ პარალელურ დათვლის ისევ და ისევ გაყალბებულ მონაცემებს და ეს პროცესი კვლავ ISFED-მა უნდა ჩაატაროს (2020 წელს ISFED-მა გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები და ფაქტობრივად ქვეყანა 6 თვის მანძილზე იყო პოლიტიკურ კრიზისში),” -  განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ რა როლი  ექნება პრეზიდენტს ამ პროცესში, „ხალხის ძალის“ წევრი დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი კვლავ დესტრუქციის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს. „პრეზიდენტი ისევ და ისევ ოპოზიციის ავანგარდში იქნება და რა თქმა უნდა, შეეცდება ეს ყველაფერი აქციოს ფარსად - ტყუილს მართალი უწოდოს და შავზე თქვას თეთრი. ოპოზიციაში დიდი მონდომებით ემზადებიან არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის. მიუხედავად მათი ყოყოჩობისა ტელეკამერების წინ, მიუხედავად მცდელობისა თავიანთი უცხოელი პატრონები დაარწმუნონ, რომ მათი განცხადებები ძალიან ეხმარებათ წინასაარჩევნო კამპანიაში, ყველასათვის ცხადია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ ოპოზიცია ვერ მოიგებს არჩევნებს. ამ ბოლო ოთხი წლის მანძილზე მათ ის მომხრეებიც დაკარგეს, რომლებიც 2020 წლისთვის ჰყავდათ. ოპოზიციის რეიტინგი გამუდმებით ეცემა, რასაც მოწმობს არა მარტო ჩვენი, არამედ მათ მიერ ჩატარებული კვლევები (მართალია ფალსიფიცირებული, მაგრამ მაინც), სადაც მათი მომხრეების კლების დინამიკაა ასახული.

ასე რომ, ეს განცხადებები ემყარება ფაქტებს და მტკიცებულებებს. მათი ჟივილ-ხივილი, რომ არჩევნები გაყალბდა, დარწმუნებული ვარ, ხალხს ვერ გამოიყვანს ქუჩაში, რადგან ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ხმას აძლევს მშვიდობას და განვითარებას. იქნება პატარა არეულობა, თუმცა ასეთ არეულობას ჩვენ შეჩვეულები ვართ 2012 წლიდან მოყოლებული - მათ პირდაპირ არცერთი არჩევნები არ უღიარებიათ. ჩატარდება ელექტრონული არჩევნები, რომელიც გაყალბებას გამორიცხავს და დარწმუნდებიან ყველანი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ საქართველოს მოსახლეობა და ქვეყნის მოქალაქეები მხარს უჭერენ მმართველ პარტიას 12 წლის განმავლობაში არსებული მიღწევების გამო.  რაც მთავარია, მხარს უჭერენ უწყვეტი მშვიდობის გამო, იმ უსაფრთხოების, მდგრადი განვითარების გამო, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა განსაკუთრებით ბოლო 2 წლის მანძილზე, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო,” -  განაცხადა ეკა სეფაშვილმა.