„რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკი და განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი უარს ამბობს შეთანხმებაზე ქვეყანაში მიმდინარე ომის ფონზე. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„ეს ქალაქები [უკრაინაში] გაქრა და ჩვენ ვაგრძელებთ მილიარდობით დოლარის მიცემას იმ ადამიანისთვის, რომელმაც უარი თქვა გარიგებაზე. არ არსებობდა გარიგება, რომლის დადება მას შეეძლო და რომელიც არ იქნებოდა იმაზე უკეთესი, ვიდრე ის, რაც ახლა გვაქვს. ქვეყანა განადგურებულია, მისი აღდგენა შეუძლებელია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინის შტატში გამართულ საარჩევნო ღონისძიებაზე.
ტრამპმა დაადანაშაულა ბაიდენი და ჰარისი უკრაინაში რუსეთის შეჭრაში.
„მათ ეს ვითარება გამოიწვიეს თავიანთი ნათქვამის სულელობით, ყოველი [გადადმული] ნაბიჯით და ახლა ისინი ჩაკეტილნი არიან [შექმნილ ვითარებაში]. მათ უბრალოდ არ იციან რა გააკეთონ. ისინი ჩაკეტილნი არიან ამ სიტუაციაში. სამწუხაროა, უბრალოდ არ იციან რა გააკეთონ. უკრაინა აღარ არის უკრაინა. თქვენ ვერასდროს ჩაანაცვლებთ ამ ქალაქებს. ვერასდროს ჩაანაცვლებთ დაღუპულ ადამიანებს“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ბაიდენს უნდა შეეწყო ხელი რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმებისთვის, რომელიც თავიდან აიცილებდა სისხლისღვრას.
„გარიგება შესაძლებელი იყო. ერთი ადამიანიც არ დაიღუპებოდა. კომპეტენტური პრეზიდენტი რომ გვყოლოდა, შეთანხმება შესაძლებელი იქნებოდა. [მაგრამ] ახლა ქვეყანა ნანგრევებშია. და ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ეს დაუშვეს?“ - დასძინა მან.