თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, თუმცა აღნიშნული პროცესი ორმხრივი უნდა იყოს.
ამის შესახებ მან აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც დღეს ორპარტიულ კანონპროექტს, „ქართველი ხალხის აქტს“ განიხილავენ.
„ახალს არაფერს ველოდები. რაც შეეხება აშშ-საქართველოს ურთიერთობებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: საქართველოს ხელისუფლება მზადაა ურთიერთობების ნორმალიზებისთვის; მზადაა, კიდევ უფრო გააღრმაოს, უფრო მეგობრული გახადოს ურთიერთობები, მაგრამ როგორც სიყვარული ვერ იქნება ცალმხრივი, ისე ვერ იქნება ცალმხრივი ეს ურთიერთობებიც. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან არ მოხდება, რომ გარკვეული ურთიერთობებისთვის ქვეყნის ინტერესები დავთმოთ. მზად ვართ, დავიცვათ საქართველოს ინტერესები. პარალელურად, მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორული ურთიერთობებისთვის. ჩვენ არაერთხელ დაგვიმტკიცებია არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით, გადადგმული ნაბიჯებით, რომ საქართველო სანდო პარტნიორი ქვეყანაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.