კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები არიან გამტარები ქვეყანაში შემოსული შავი ფულის, რითაც პოლიტიკური პარტიები ფინანსდება, - ასე გამოეხმაურა კახა კალაძე „ანტიკორუფციული ბიუროს“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „აირჩიე ევროპას“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, როგორც „გაცხადებულ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებს“, ფინანსური ანგარიშების წარმოდგენა დაევალათ.
მისივე განმარტებით, თუ აღნიშნული ორგანიზაციები არ წარმოადგენენ მოთხოვნილ ინფორმაციას, სახელმწიფო მათ მიმართ კანონის ფარგლებში იმოქმედებს.
„რა რეპრესიებზეა საუბარი, როდესაც გამჭვირვალობას ვითხოვთ. უბრალოდ, ისინი გამტარები არიან ქვეყანაში შემოსული შავი ფულის, რითაც პოლიტიკური პარტიები ფინანსდებიან. რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებას ხელი უნდა მიუწვდებოდეს ყველა სახის ინფორმაციაზე - საიდან შემოდის თანხები, ვინ აფინანსებს კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და რაში იხარჯება ეს ფული. არ ვიცი, ისინი გამოაქვეყნებენ თუ არა მოთხოვნილ ინფორმაციას. ვინც კანონს დაარღვევს, მათ მიმართ სახელმწიფო უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები“ არიან და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი გავრცელდება