კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიურო ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის არაფერს აკეთებს, მაგრამ მოქმედებს მმართველ პარტიასთან შეთანხმებით იმისათვის, რომ პოლიტიკური პარტიები შეავიწროოს.
მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობად ახლა სამოქალაქო ორგანიზაციების დევნა გადაიქცა და რუსულ სტილში „რაღაც იარლიყების ჩამორიგება”.
„ჩვენ გვინდა გამოვეხმაუროთ, იმ ყველაფერს, რაც ამ დღეების განმავლობაში ანტიკორუფციული ბიუროს ირგვლივ ვითარდებოდა. ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ ანტიკორუფციული ბიურო ამ ფორმით არის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარების ქვეშ და არის პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტი. ეს არის მათ შორის, „რუსული კანონის“ გატარების ინსტრუმენტი, რომელიც ცდილობს, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები შეავიწროოს, ასევე, რომელიც ცალსახად მოქმედებს შერჩევითად. ჩვენ მათგან ინფორმაცია გამოვითხოვეთ, რომელიც ერთდროულად არის საინტერესოც და გასაკვირიც. ეს არის უწყება, რომელიც ფაქტობრივად, ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის არაფერს აკეთებს, მაგრამ მმართველ პარტიასთან შეთანხმებით მოქმედებს იმისათვის, რომ პოლიტიკური პარტიები შეავიწროოს, მათ საქმიანობას ხელი შეუშალოს და შერჩევითი მონიტორინგი აწარმოოს. ჩვენ ვიცით, რომ განსაკუთრებით პოლიტიკურ ოპოზიციაში, მათგან ძალიან დიდი რაოდენობის ინფორმაციაა გამოთხოვილი, ბევრი სხვადასხვა შემთხვევის დამუშავება მიმდინარეობს ოპოზიციასთან მიმართებაში, რომელსაც ეს უწყება გამადიდებელი შუშით უყურებს, ღარიბაშვილის, ივანიშვილის და კობახიძის დავალებით. თუმცა ვნახეთ, მათ მიერ ჩატარებული მონიტორინგი - „ქართული ოცნების“ პარტიული ანგარიშების, სადაც ამ უწყებამ ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინა, სადაც ამ უწყებამ თვალი დახუჭა იმ ძალიან ცალსახა პოლიტიკურ კორუფციაზე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ასევე, ამ უწყებამ თვალი დახუჭა იმაზე, რომ მმართველი პარტიის შემომწირველები არიან ის ადამიანები, რომლებიც მილიონობით და ათეულობით მილიონ ლარს ტენდერებიდან იღებენ. აგრეთვე, მათ თვალი დახუჭეს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე...
მათ საქმიანობად ახლა სამოქალაქო ორგანიზაციების დევნა გადაიქცა და რუსულ სტილში რაღაც იარლიყების ჩამორიგება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმის აუცილებლობას, რომ ამ უწყებას რეფორმირება სჭირდება. ჩვენ გვჭირდება ნამდვილი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც კორუფციული შემთხვევების გამოძიების ფუნქციით აღჭურვილი იქნება და რომელსაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სრული მანდატი ექნება, ასევე, რომელიც პირში წყალს არ ჩაიგუბებს მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრს არადეკლარირებული, დიდი ალბათობით კორუფციული გზით მიღებული შემოსავლები აქვს, ხოლო შემოსავლების მიღებას აწერს მის პენსიონერ შემოსავლის არ მქონე მშობელს. ეს ლუსტრაციაა ანტიკორუფციული სააგენტოსი“, - განაცხადა ბუაძემ.