მშვიდობის საერთაშორისო დღეს, მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოში მშვიდობის გადამწყვეტი მნიშვნელობა. დღეს ვსაუბრობთ მშვიდობისა და ჰარმონიის ხელშეწყობის საერთო პასუხისმგებლობაზე, რომელიც, დღეს, როგორც არასოდეს, მსოფლიო მთავრობების მიზანი და ამოცანა უნდა იყოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე - „ახალგაზრდები უკეთესი მომავლისათვის“ სიტყვით გამოსვლისას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დღევანდელ კომპლექსურ მსოფლიოში არაერთი სისხლისმღვრელი კონფლიქტი მიმდინარეობს.
„სამწუხაროდ, რთული მდგომარეობაა ჩვენს სამეზობლოშიც - ჩვენ გარშემო კონფლიქტების ცეცხლის რკალია. კვლავ გრძელდება ჩვენი ორი რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია. ასეთ რეალობაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ძალისხმევა, რომელიც დიპლომატიური ინსტრუმენტების, დიალოგის, შერიგების გზით მშვიდობის დამყარებასა და შენარჩუნებაზეა მიმართული.
მშვიდობა არ გულისხმობს მხოლოდ კონფლიქტის არარსებობას. ის, აგრეთვე, უსაფრთხო და სამართლიან გარემოს, ურთიერთპატივისცემას, ურთიერთგაგებას, ნდობას, კეთილდღეობას გულისხმობს.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ხელისუფლება დიდ ყურადღებას აქცევს სამშვიდობო ინიციატივებს, რომლებიც მშვიდობის განმტკიცებასა და ომით დაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. ასევე, ბევრი კეთდება კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად და მათთვის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად.
ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებთ, რომ გვახსოვს წარსულის გამოცდილება და მისი სავალალო შედეგები - დაღუპული ადამიანები, გახლეჩილი ოჯახები, მრავალი დანგრეული და მიტოვებული სახლ-კარი, დამსხვრეული ოცნებები. ასეთი წარსულის გათვალისწინებით, უნდა ავაშენოთ ისეთი მომავალი, რომელიც შერიგებას, ერთიანობას, ურთიერთგაგებას, ნაყოფიერ თანამშრომლობას ეფუძნება, სადაც ჩვენს ყველა მოქალაქეს შეეძლება მშვიდობიანი და ღირსეული ცხოვრება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი ხელისუფლების სრულ მხარდაჭერას. შერიგება მშვიდობისკენ მიმავალი გზის განუყოფელი ნაწილია. ეს ნიშნავს, რომ მზად უნდა ვიყოთ წარსულის მტკივნეული რეალობისთვის თვალის გასასწორებლად, შევძლოთ ერთმანეთის ტკივილის გაზიარება, დიალოგის გაგრძელება და ისეთი გარემოს ხელშეწყობა, სადაც ჩვენი ჭრილობები მოშუშდება.
„ჩვენ უნდა ავირჩიოთ დიალოგი და არა უთანხმოება, თანაგრძნობა და არა გულგრილობა, თანამშრომლობა და არა დაპირისპირება. ეს არის რთული და გრძელი გზა, თუმცა იგი ერთადერთი და აუცილებელი პირობაა ერთიანი და ძლიერი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის.
მხოლოდ დიალოგი უნდა იყოს ჩვენი სახელმძღვანელო პრინციპი. გვჯერა დიპლომატიისა და ჩართულობის პოლიტიკის. ჩვენი მიზანია, რომ მომავალმა თაობებმა მშვიდობიან, გამთლიანებულ და ევროპულ საქართველოში იცხოვრონ. იცხოვრონ ქვეყანაში, სადაც არ იქნებიან შიშსა და დაძაბულობაში, არამედ თავს იგრძნობენ უსაფრთხოდ, ღირებულად, დაფასებულად და ხელს შეუწყობენ ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას.
ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა. მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა აქ დამსწრე ახალგაზრდებს, რომლებსაც საკუთარი საქმიანობით წვლილი შეაქვთ მშვიდობის მშენებლობისა და ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის, ასევე, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვის პროცესში.
გილოცავთ ჯილდოს მიღებას და წარმატებას გისურვებთ თქვენს საქვეყნო მნიშვნელობის საქმეში. თქვენი იმედი გვაქვს და გგულშემატკივრობთ.
დიდი მადლობა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს დღევანდელი ღონისძიებისა და ნაყოფიერი მუშაობისათვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში დიდიე ტღებიუკი.