ეს ქარტია სახელმწიფოს ისტორიაში დარჩება როგორც ყველაზე სამარცხვინო ფურცელი და ვისაც ხელი აქვს მოწერილი, სამარცხვინოდ შევლენ ისტორიაში, ვინაიდან მათ ჩვენი სახელმწიფო შეუმდგარ სახელმწიფოდ, ქართველი ერი შეუმდგარ ერად გამოაცხადეს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სალომე ზურაბიშვილის ქარტიის შეფასებისას.
„მე ამ ქარტიაზე ერთხელ უკვე ვთქვი, რომ ვინც ეს ქარტია შეადგინა და ხელი მოაწერა, მათ საქართველოს დაარქვეს „ბანანის რესპუბლიკა“, ქვეყანა, რომელსაც არ აქვს უნარი, აირჩიოს ხელისუფლება, რომელიც კონსტიტუციურ ვადაში, 4 წელი მართავს ქვეყანას. ქალბატონმა სალომემ თქვა კიდეც, რომ პოლიტიკური უკულტურობა არისო. ამ ხალხს უკულტუროები უწოდა თან - ტექსტზე ხელი მოაწერინა და მერე ყველას უკულტუროები უწოდა, არ გაქვთ უნარი, რომ შეთანხმდეთ და მართოთ ქვეყანაო, ერთ წელზე მეტხანს არ უნდა იყოთო. „ბანანის რესპუბლიკად“ გამოგვაცხადა ქალბატონმა სალომემ და მათ, ვინც ხელი მოაწერა.
ქალბატონ სალომეს, ასევე ნათქვამი აქვს, პრეზიდენტი ხალხთან უნდა იყოს, ოღონდ ცოტა მაღლაო და მგონი, ძალიან ზემოთ აიწია და ზემოდან გვიყურებს ქართველ ხალხს, მივაჩნივართ შეუმდგარ ქვეყნად და შეუმდგარ სახელმწიფოდ. ეს არის სირცხვილი. ეს ქარტია სახელმწიფოს ისტორიაში დარჩება როგორც ყველაზე სამარცხვინო ფურცელი და ყველა, ვისაც ხელი აქვს ამ ქარტიაზე მოწერილი, სამარცხვინოდ შევლენ ისტორიაში, ვინაიდან ეს არის ხალხი, რომელმაც ჩვენი სახელმწიფო შეუმდგარ სახელმწიფოდ, ქართველი ერი შეუმდგარ ერად გამოაცხადა”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.