გუშინ რა გამოხმაურებაც მოვისმინე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსგან“ და მეორე ორგანიზაციისგან, ისინი ადასტურებენ, რომ წინასაარჩევნო აგიტაციას ატარებენ. ამისთვის იყენებენ ფინანსურს რესურსებს. ეს ჩანს კიდევაც, ამას ღიად აკეთებენ, ამიტომ ანტიკორუფციულ ბიუროს, როგორც ჩანს, საკმარისი მტკიცებულებები ჰქონდა, რომ ისინი საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად მიეჩნია, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბიუროს გადაწყვეტილება არ ნიშნავს ვინმეს შეზღუდვას, თუმცა, წინასაარჩევნო აგიტაციის წარმოების შემთხვევაში, ყველა შესაბამისი ფინანსები უნდა გაასაჯაროოს.
„სხვათა შორის, გუშინ ეს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმაც აღნიშნა - ის ნორმები, რომელთა საფუძველზეც ცნეს ისინი საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად, თავის დროზე თავად „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, „საიას“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ინიცირებით აქვს პარლამენტს მიღებული. ასე რომ, ეს სტანდარტი მათივე ინიციატივით არის მიღებული და ამ სტანდარტს უნდა დაექვემდებარონ.
საერთო ჯამში, არავის შეზღუდვა არ ხდება. ყველას შეუძლია აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანია. უბრალოდ თუ ეს წინასაარჩევნო აგიტაცია არის, მაშინ უნდა გაასაჯაროოს ამის ფინანსები. ეს არის ჩვეულებრივი რამ ნებისმიერ დემოკრატიაში და ჩვეულებრივი რამ უნდა იყოს საქართველოში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „აირჩიე ევროპა“ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოაცხადა.