შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კვეიჭოუს პროვინციის დელეგაციასთან, რომელსაც კვეიჭოუს პროვინციის ვიცე-გუბერნატორი და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი - ძია ლიძიუნი ხელმძღვანელობს.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამართალდამცავ სტრუქტურებთან არსებულ თანამშრომლობაზე. ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისკუთხით.
ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს მხარეთა შორის თანამშრომლობის გაფართოებასა და გაძლიერებაზე. მინისტრის მოადგილემ სტუმრებს ასევე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სამინისტროს საქმიანობაზე, ასევე სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე.
შეხვედრის დასასრულს დელეგაციის ხელმძღვანელმა მადლიერება გამოხატა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში აქტიურად გაგრძელდება მუშაობა მხარეთა მიერ, არსებული ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების მიზნით.