უვიზო მიმოსვლის დაწესების ორმაგი სტანდარტების თვალსაჩინო მაგალითი ვაშინგტონიდან, - ასე აფასებს აშშ-ის მიერ კატარისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, შეფასება არ ეხება თავად კატარს, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მეგობარი ქვეყანაა. ამ შემთხვევაში, ანალიტიკოსის თქმით, მას სურს, აშშ-ის თვალთმაქცობაზე გააკეთოს აქცენტი, კერძოდ იმაზე, რომ დემოკრატიასა და უფლებადაცველობაზე შერჩევითად მქადაგებელი ვაშინგტონისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა მდგომარეობაა კატარში.
“უვიზო მიმოსვლის დაწესების ორმაგი სტანდარტების თვალსაჩინო მაგალითი ვაშინგტონიდან.
ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქართველოსა და კატარის ურთიერთობა მრავალმხრივად მუდმივად ღრმავდება და ჩემი შეფასება არანაირად ეხება ჩვენს ერთ-ერთ მეგობარს გალფის ქვეყნებში.
აქცენტია აშშ-ის თვალთმაქცობაზე!
აშშ-ში განაცხადეს, რომ კატარი მიიღეს უვიზო რეჟიმის პროგრამაში, რაც მის მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, 90 დღემდე პერიოდითთ ესტუმრონ ამერიკას. კატარი სპარსეთის ყურის პირველი ქვეყანაა, რომელიც აშშ-ის უვიზო მიმოსვლის პროგრამაში მოხვდა.
დემოკრატიასა და უფლებადაცველობაზე შერჩევითად მქადაგებელი ვაშინგტონისთვის არანაირი მნიშვნელობა აქვს თუ რა მდგომარეობაა კატარში. კერძოდ:
- კატარის პოლიტიკური სისტემა მოქმედებს ავტორიტარული ნახევრად კონსტიტუციური მონარქიის ქვეშ, სადაც ემირი არის სახელმწიფოს მეთაური და აღმასრულებელი.
- ლიბერალების ერთ-ერთი "ბექ ვოკალი" საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, კატარში: ხელისუფლება აგრძელებდა გამოხატვის თავისუფლების უფლების შეზღუდვას და კრიტიკული ხმების გაჩუმებას. მიგრანტი მუშები კვლავ აწყდებოდნენ სხვადასხვა სახის შეურაცხყოფას, მათ შორის ხელფასის ქურდობას, იძულებით შრომას და ექსპლუატაციას და ჰქონდათ არაადეკვატური წვდომა საჩივრებისა და გამოსწორების მექანიზმებზე. გრძელდებოდა ქალების დისკრიმინაცია კანონმდებლობით და პრაქტიკულ ცხოვრებაში. დისკრიმინაციული კანონები ლგბტ+ პირებს დაკავების საფრთხის წინაშე აყენებს.
სამაგიეროდ, კატარს აქვს 25+ მილიარდი ბარელი ნავთობის დადასტურებული მარაგი, რომლითაც მე-13 ადგილზეა მსოფლიოში. ასევე კატარს აქვს 24+ ტრილიონი კუბ.მ. გაზის დადასტურებული მარაგი, რითაც მსოფლიოში მესამე ადგილზეა რუსეთისა და ირანის შემდეგ. კატარი არის ბუნებრივი აირის უდიდესი მწარმოებელი და ექსპორტიორია მსოფლიოში.
ამასთან, 2024 წლის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა მშვიდად მიაღწია შეთანხმებას, რომელიც ახანგრძლივებს მის სამხედრო ყოფნას კატარში კიდევ 10 წლით. ალ-უდეიდის საჰაერო ბაზა, რომელიც მდებარეობს დედაქალაქ დოჰას სამხრეთ-დასავლეთით უდაბნოში, არის აშშ-ს უდიდესი სამხედრო აქტივი ახლო აღმოსავლეთში და მას შეუძლია 10000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცის განთავსება.
სადაც მონღოლეთია ბლინკენისთვის "დემოკრატიის ოაზისი", რომელსაც სანქცირებული პუტინი სტუმრობს, იქ კატარელებსაც შეუძლიათ უვიზო მიმოსვლა, ხოლო საქართველო "არასწორ ტრაექტორიაზეა"” - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.