როგორც ჩანს, ქალბატონ სალომეს არ სცალია მსჯავრდებულებისთვის, არ სცალია მოქალაქეების წუხილისთვის. ის დაკავებულია წინასაარჩევნო პერიპეტიებით და მისი ძირითადი ვალდებულება რაც არის, ამისთვის არ სცალია, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ერთადერთი მიზეზი, რატომაც ის ჯერ კიდევ იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას, არის მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რომელმაც შეუნარჩუნა მას იმპიჩმენტის დროს ეს თანამდებობა.
„როგორც ჩანს, ქალბატონ სალომეს არ სცალია მსჯავრდებულებისთვის, არ სცალია მოქალაქეების წუხილისთვის. ის დაკავებულია წინასაარჩევნო პერიპეტიებით და მისი ძირითადი ვალდებულება რაც არის, ამისთვის არ სცალია.
ეს ახალი არ არის, ჩვენ ამ ტენდენციას ვხედავთ. ქალბატონი სალომე კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტია. ეს დადგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, რომელსაც ისიც აღიარებს როგორც შემდეგ ვნახეთ. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ის ჯერ კიდევ იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას, არის მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რომელმაც შეუნარჩუნა მას იმპიჩმენტის დროს ეს თანამდებობა.
ჩვენ მაშინაც ვამბობდით, რომ ეს მხოლოდ რადიკალური დღის წესრიგისთვის სჭირდებოდათ, ქალბატონი სალომე და ვხედავთ ჩვენ რისთვისაც შეინარჩუნა. შეინარჩუნა იმისთვის, რომ ნიკა გვარამია შეეწყალებინა ამის შემდეგ, შეინარჩუნა იმისთვის, რომ ზუსტად ამ პროცესებში ჩარეულიყო რადიკალური დღის წესრიგის სახით და ფაქტობრივად, დღეს მას ჩანაცვლებული ჰყავს მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია და იქიდან იძლევა ინსტრუქციებს და ამ ინსტრუქციებს უკვე ტრიბუნით აჟღერებს და ხელმძღვანელობს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ათასობით მსჯავრდებული და მათი ოჯახის წევრები „ამნისტიის შესახებ“ კანონის ამოქმედებას ელოდებიან, თუმცა სალომე ზურაბიშვილი კანონს ჯერ ხელს არ აწერს.