„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის თანახმად, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები“ არიან და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი გავრცელდება.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ანტიკორუფციული ბიურო ძალიან ზუსტად მოქმედებს.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს „საერთაშორისო გამჭვირვალობასთან“ დაკავშირებით, რომ ისინი ჩართული არიან საარჩევნო კამპანიაში, ეს მათივე გასაჯაროებული მასალებიდან ჩანს. ერთ-ერთი ასეთი იყო, ბათუმში ორგანიზებული შეხვედრა მოქალაქეებთან, სადაც ქალბატონი გიგაური გაერთიანებისკენ მოუწოდებს ყველას და ამბობს, რომ რუსეთი შეეცდება „ქართული ოცნების“ შენარჩუნებას და ამას უნდა შეებრძოლონ, ეს რა არის, თუ არა საარჩევნო კამპანია. ზოგიერთი „ენჯეო“ თვალში რომ ნაცარს გვაყრის, ეს გამოდის ქართველი ხალხის დაცინვა. ანტიკორუფციული ბიურო ძალიან ზუსტად მოქმედებს, რაც ფაქტებითაც დასტურდება. მოვუწოდებ ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს, იმუშაონ ძალიან დეტალურად, კანონთან ახლოს და ამ მხრივ ექნებათ მხარდაჭერა, რომ დარღვევები ამხილონ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები“ არიან და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი გავრცელდება