ირაკლი კირცხალია: არანაირი მელია-გვარამიას გაერთიანება, ან ხაზარაძე-გახარია არ არსებობს, არ აქვს მნიშვნელობა რა ფერის ჰალსტუხს დაიკიდებენ და რა ნომერს დაიწერენ, ისინი „ნაცმოძრაობის“ დანაყოფები არიან

ირაკლი კირცხალია: არანაირი მელია-გვარამიას გაერთიანება, ან ხაზარაძე-გახარია არ არსებობს, არ აქვს მნიშვნელობა რა ფერის ჰალსტუხს დაიკიდებენ და რა ნომერს დაიწერენ, ისინი „ნაცმოძრაობის“ დანაყოფები არიან

კომედია, ტრაგიზმი, დრამა - ყველანაირი ჟანრი შესთავაზეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დანაყოფებმა საზოგადოებას. არანაირი მელია-გვარამიას გაერთიანება, არანაირი ხაზარაძე და გახარია არ არსებობს. ეს არის ერთიანი კოლექტიური „ნაცმოძრაობის შემადგენელი“ ნაწილი, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ.

უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, პარტია „ახალისა“ და „ნაცმოძრაობის“ გაერთიანების შესახებ.

„საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რა ფერის ჰალსტუხს დაიკიდებენ და რა ნომერს დაიწერენ, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფები, რომელთა სტრატეგიაც არის ზოგჯერ გაერთიანება და ზოგჯერ დაყოფა. მოვიდა არჩევნები და იმედია, რომ ამ „სერიალის“ ფინალში ვართ გასული“, - განაცხადა კირცხალიამ.

ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას „პარტია“ ახალს შესთავაზა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანება.

„ჩემი ინიციატივა თავიდანვე იყო, რომ ყველანი გავერთიანებულიყავით. ახლა კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ინიციატივას „ახლების“ მიმართ, რომ ჩვენ მაინც გავერთიანდეთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.