ოსკაროსან მსახიობს, კრისტიან ბეილს ბეტმენის თუ ამერიკელი ფსიქოპათის როლში კარგად ვიცნობთ, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ის ფილანთროპია — ბეილი კალიფორნიაში უსახლკარო ბავშვებისთვის სოფელს აშენებს.
Hollywood Reporter-ის მიხედვით, ამ პროექტის შესრულება ბეილს უკვე 16 წელია სურს. ის საქველმოქმედო ორგანიზაციის Together California დამფუძნებელია, რომლის ინიციატივით თავშესაფრის მაძიებელ სისტემაში აღრიცხული ბავშვებისათვის 12 სახლი აშენდება. პროექტის მთავარი მიზანი იმ დედმამიშვილებისთვის ერთად ცხოვრების შესაძლებლობის გაჩენაა, რომელთაც სხვაგვარად ერთმანეთისგან დაშორება მოუწევდათ.
"Together California-ს მოდელით დაპროექტებული სოფელი სრულიად ახალი, ტრანსფორმაციული და ძალიან საჭირო რამაა. წარმოიდგინეთ მშობლების დაკარგვით გამოწვეული ყოვლისმომცველი ტკივილი და ტრავმა, რომელსაც ძმებისა და დების განცალკევების ტკივილიც ემატება. ბავშვებს ასე არ უნდა მოვექცეთ," — თქვა ბეილმა სოფლისთვის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაზე.
პროექტი ლოს-ანჯელესის შემოგარენში მდებარე ქალაქში, პალმდეილში აშენდება. სოფელში 650 კვადრატული მეტრის ფართობის საჯარო ცენტრი, 12 სახლი და ორი სტუდიო ბინა აშენდება. როგორც ირკვევა, პროექტის ღირებულება $22 მილიონი იქნება და მისი მშენებლობა 2025 წელს დასრულდება.