სოზარ სუბარი: უსამართლო იყო ის გზავნილები, რომლებიც ჩვენ წავიკითხეთ მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში, სადაც პირდაპირ წერენ, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ არჩევნების ლეგიტიმურად ცნობა არ მოხდეს

სოზარ სუბარი: უსამართლო იყო ის გზავნილები, რომლებიც ჩვენ წავიკითხეთ მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში, სადაც პირდაპირ წერენ, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ არჩევნების ლეგიტიმურად ცნობა არ მოხდეს

საქართველოზე მიმდინარე უპრეცედენტო ზეწოლის მიზეზები განმარტა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა მედიასთან საუბრისას. მან ესპანური საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის დასკვნა მოიშველია, რომლითაც საქართველო დემოკრატიის განვითარების კუთხით ბევრ განვითარებულ დასავლურ დემოკრატიას უსწრებს. ცნობისთვის, „Coordenadas de Gobernanza y Economia Aplicada”,-ის კვლევა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გამოაქვეყნა. 

„ჩემმა კოლეგამ, გიორგი ვოლსკიმ გამოაქვეყნა ვრცელი ინფორმაცია, სადაც გამოყენებულია ცნობილი ესპანური ინსტიტუტის „Coordenadas de Gobernanza y Economia Aplicada”-ის კვლევა, რომელიც საქართველოში დემოკრატიის ხარისხს ევროპის ქვეყნებს, უკრაინას და მოლდოვას ადარებს. საუბარია სხვადასხვა სფეროზე - გამოხატვის თავისუფლება, პატიმრების უფლებები, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება, ბიუჯეტის გამჭვირვალობა, ზოგადად ხელისუფლების გამჭვირვალობა და საზოგადოების წინაშე ვალდებულება და ა.შ. სწორედ ამ ინსტიტუტის დასკვნაა, რომ ამ სფეროებში საქართველო გაცილებით მაღლა დგას ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანაზე და ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანაზეც კი. 

მიკერძოებულად რომ არ ჩაითვალოს, თუ რატომ ეყრდნობა ის მხოლოდ ერთი კვლევითი ინსტიტუტის დასკვნას, წერილში მოყვანილია არაერთი სხვა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის ანგარიშები. მათ შორისაა გაეროს სხვადასხვა შეფასება, რომლებიც ყოველდღიურად ქვეყნდება და რომლის მიხედვითაც საქართველო დემოკრატიის ხარისხით არის ერთ-ერთი მოწინავე მსოფლიოში" - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

შეკითხვას, თუ რატომ იღებს ასეთი აღიარების პირობებში საქართველო კრიტიკას, სოზარ სუბარმა უპასუხა, რომ ამის მიზეზია საქართველოს მტკიცე პოზიცია, რომ რუსეთ-უკრაინის ომში არ ჩაერთვება. 

„ან ომში ჩაერთვები, ან მტრად გამოგაცხადებთ! - ასეთია ზოგიერთი ჩვენი პარტნიორის პოზიცია, შუა არ არსებობს. ხოლო თუ მტრად გაცხადებენ, შემდეგ ყველაფერს აკეთებენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში გაგაშავონ და ზეწოლის ყველა მეთოდს იყენებენ, რომ ან მათი თამაშის წესები მიიღო, ან ქვეყანაში არეულობა მოახდინონ. ჩვენთან მიმდინარე საარჩევნო პროცესის და არჩევნების შედეგის შესაძლო ხარვეზებზე ლაპარაკობენ წინასწარ და ამ დროს, აშშ-ში გამოძიება დაიწყეს პრეზიდენტობის კანდიდატის, რობერტ კენედი უმცროსის წინააღმდეგ მხოლოდ იმიტომ, რომ 30 წლის წინ მან, თურმე, მკვდარ ვეშაპს მოაჭრა თავი. და ეს გამოძიება მას შემდეგ დაიწყეს, რაც დემოკრატმა კენედიმ მოხსნა თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო რბოლიდან და მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა, დემოკრატიულ პარტიას კი ომის პარტია უწოდა. სწორედ ამის შემდეგ გაახსენდათ ეს საქმე და ახლა დაიწყეს გამოძიება მის წინააღმდეგ და ესენი ჩვენ გველაპარაკებიან დემოკრატიაზე? 

რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ინფორმაცია იყო სუს-ის მხრიდან გამოქვეყნებული, რომ საეჭვო მოძრაობებია დაწყებული არა მარტო არჩევნების არ ცნობასთან დაკავშირებით, არამედ არეულობის მოწყობაში ძალოვანი კომპონენტის ჩართვის მცდელობაზე. შემთხვევითი არც ის იყო, რომ 18 ხეჩუაშვილი შემოიპარა საქართველოს საზღვარზე - კრიმინალი, რომელიც მსჯავრდებულია გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებისა და თავად თარგამაძის მკვლელობის მცდელობის გამო. ასეთი კრიმინალი, რომელსაც უკვე მისჯილი და მოსახდელი აქვს 18 წელი, ტყუილად რომ არ შემოვიდოდა ქვეყანაში ესეც ნათელია. 

ამ ფონზე ძალიან მკაფიო და უსამართლო იყო ის გზავნილები, რომლებიც ჩვენ წავიკითხეთ მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში, სადაც პირდაპირ წერენ, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ არჩევნების ლეგიტიმურად ცნობა არ მოხდეს; რომ არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდში საქართველოში უნდა ჩამოვიდეს ამერიკის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია, რომელმაც მხარი უნდა დაუჭიროს ხელისუფლების მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს; რომ ფინანსური დახმარება უნდა გაუწიონ და ჯარიმა გადაუხადონ ყველა კანონდამრღვევ „ენჯეოს“, რომელიც არ ასრულებს გამჭვირვალობის კანონის მოთხოვნას. ეს არის მაიდნის გამოცხადებული ქრონიკა. ეს არის ძირგამომთხრელი მოღვაწეობა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და ძირგამომთხრელი ანგარიში, რომლის ავტორი, ქალბატონი ლორა თორნტონი არც მაშინ აკლებდა საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს, როცა საქართველოში იყო NDI-ის ოფისის ხელმძღვანელი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.