„ერთი რამ ფაქტია, რომ ეს პროცესი არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება. ეს პროცესი არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი“- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას გაერთიანებასთან დაკავშირებით ჩაშლილ მოლაპარაკებაზე საუბრისას განაცხადა.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, იმის გამო, რომ ორივე პარტიას ცალ-ცალკე ხუთ პროცენტიანი ბარიერის გადალახვის რისკი აქვს, ამიტომ გადაწყვიტეს მათი გაერთიანება.
მისივე თქმით, რაიმე სიახლე იმაში, რომ არ გაერთიანდებიან, არის ჩვეულებრივი ბლეფი, რადგან ცდილობენ არჩევნებამდე მოიშორონ ის იარლიყი, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებები არიან.
„მათ აქამდე ჰქონდათ დრო იმისთვის, რომ ეჩვენებინათ დამოუკიდებლად რისი მიღწევა შეეძლოთ 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის კუთხით. შესაბამისი კვლევები, მათ შორის, დახურული კვლევებიც ადასტურებს, რომ ცალ-ცალკე 5 %-იანი ბარიერის გადალახვის რისკი აქვთ. ერთს ცოტა მეტი, მეორეს შედარებით ნაკლები, მაგრამ ორივე რისკის ქვეშ არის. ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს ორი სუბიექტი უნდა შეაერთონ. ბუნებრივია, რომ ამას სჭირდება გარკვეული დროც და გარკვეული აჟიოტაჟის შექმნა, დრამატული სცენარის გათამაშება და იმის ილუზიის შექმნა, რომ ურთიერთკომპრომისების და სახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგად, რაღაც მართლა ალტერნატიული და დამოუკიდებელი ცენტრი შეიქმნა. ულტიმატუმს უყენებს ერთი მეორეს რომ კოალიცია არ უნდა შექმნა ნაციონალურ მოძრაობასთანო და [გახარიას პარტიას] ოთხი მუნიციპალიტეტის საკრებულოში კოალიცია აქვს სწორედ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ბლეფი ხდება ჩვეულებრივად, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება ხდება, როდესაც კონკრეტულად ოთხ მუნიციპალიტეტში აქვს უკვე შექმნილი ეს კოალიცია და იქ არ შევქმნითო. იგივე ლელოს მაგალითი აიღეთ, როდესაც ადგილობრივი არჩევნების დროს „ლელო“ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მერობაზე უჭერდა მხარს და „ლელოს“ ლიდერი ხაზარაძე უნდა ყოფილიყო მელიას მოადგილე თბილისის საკრებულოში. ამიტომ, აქ რაიმე სიახლე, ესენი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ შექმნიან კოალიციას არის ჩვეულებრივი ბლეფი. შექმნიან, უბრალოდ ეს ბლეფი სჭირდებათ არჩევნებამდე რომ ის დამსახურებული იარლიყი, რაც მათ აქვთ, რომ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებები, ამით დროებით არჩევნებამდე ეს იარლიყი იქნებ რამენაირად მოიხსნან. ჯერ 26-მდე დრო არის, მინდა გითხრათ, პლატფორმაც არსებობს რომელზეც მოხდება ამ ორი ნომრის და ორი პარტიის გაერთიანება. ასე რომ ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და ამ სცენარის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება. ერთი რამ არის, რაც შეიძლება ობიექტურ წინააღმდეგობად ვაღიაროთ იმიტომ, რომ თვითონ პარტიების შიგნით რა თქმა უნდა, დუღილის ტემპერატურა იწევს იმიტომ, რომ ადგილები როგორც ჰქონდათ განაწილებული იმის ფუნდამენტალური გადახედვა მოუწევს, ვიღაცას უკანა პლანზე გადაწევა მოუწევს, ეს ერთადერთი ობიექტური წინააღმდეგობა რაც არსებობს შიდა პარტიულ ელიტებში, ეს წინააღმდეგობა არსებობს“-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.