ისე, როგორც ახლა მიდის საქმეები და იმ შემთხვევაში, თუ ამჟამინდელი ტრაექტორია გაგრძელდება, ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკომისიის მხრიდან იქნება დადებითი რეკომენდაცია გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის 27 ლიდერის გადაწყვეტილებით, უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა შეჩერებულია.
„ველოდებით მმართველი უმრავლესობისგან განმარტებებს მათი ჭეშმარიტი განზრახვების შესახებ. ეს ხმამაღლა და ნათლად არის ნათქვამი ევროპული საბჭოს ივნისის დასკვნებში. მე კარგად მესმის, რომ საქართველო გადის საარჩევნო პერიოდს, არის საარჩევნო კამპანია, ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების შემდეგ გვეყოლება ახალი მთავრობა, იმისდა მიუხედავად, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, რომელიც ნამდვილად იქნება ერთგული საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მიმართ. უნდა მოვასწროთ. დიდი დრო დავკარგეთ, პრაქტიკულად მთელი წელი, საჭირო რეფორმების ნაცვლად, გვქონდა სამწუხარო მოვლენები, არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება უმაღლეს დონეზე, რამაც სამწუხაროდ, გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება, მაშინ, როდესაც ჩვენ დავაჩქარეთ გაწევრიანების პროცესი უკრაინასა და მოლდოვასთან. ასე რომ, „ტრიოს“ შორის უფსკრული შემცირების ნაცვლად სულ უფრო იზრდება. ეს ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ ხელახლა დავიწყებთ ძლიერად მუშაობას იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროკავშირში ინტეგრაციის ტრაექტორიას“, - აღნიშნა ელჩმა.