კონტე:

კონტე: "კვარას წინააღმდეგ უხეშობა? მსაჯებმა შემოქმედი ფეხბურთელები უნდა დაიცვან"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „იუვენტუსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

მან ისაუბრა ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ უხეშ თამაშზე, რის შესახებაც მას შეკითხვა დაუსვეს.

„მძულს ძალადობრივი თამაში. როგორც ფეხბურთელს არასდროს მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება განზრახ ზიანი მიმეყენებინა მეტოქისთვის და როგორც მწვრთნელს, არასდროს დამივალებია ჩემი ფეხბურთელისთვის, რომ მეტოქისთვის შეშინების მიზნით ჩაერტყა. შესაძლოა, რაც კალიარიში 30 წამის შემდეგ მოხდა, სწორედ შეშინების მიზნით იყო. მსაჯებს ასეთ დროს არ უნდა ეშინოდეთ ყვითელი ბარათის მიცემის. ბარათის ჩვენება შეიძლება, როგორც პირველივე წამზე, ასევე 95-ე წუთზე. ვფიქრობ, „კალიარის“ ფეხბურთელს კვარას წინააღმდეგ ასე თამაში განზრახ არ სურდა, არც მინდა ასე ვიფიქრო, მაგრამ ჩემი აზრით, ყვითელი ბარათი იყო და მსაჯებმა ის უნდა გამოიყენონ ნიჭიერი ფეხბურთელების დასაცავად, რომლებიც თამაშს ქმნიან.

გარდაუვალია, რომ „იუვენტუსთან“ თამაში ჩემთვის ემოციური იქნება. 13 წელი ვითამაშე იქ, რამდენიმე წელი კაპიტანიც ვიყავი, თითქმის ყველაფერი მოვიგე. ფეხბურთელისთვის უფრო ადვილია ერთ გუნდში დიდხანს დარჩეს, მწვრთნელისთვის ეს თითქმის შეუძლებელია, ამიტომ სხვა გუნდებშიც მომიწია მუშაობა, სადაც ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი. „იუვენტუსში“ როცა მწვრთნელად მივედი, რთულ მდგომარეობაში იყო, მაგრამ დავიწყეთ ციკლი, რომლის პერიოდში გუნდმა 9 სკუდეტო მოიგო. დაბრუნება ემოციური იქნება იმ სტადიონზე, რომელიც მაშინ გაიხსნა, როცა იქ ვმუშაობდი. კოვიდის პერიოდში მომიწია დაბრუნება, მაგრამ მაშინ სტადიონზე გულშემატკივარი არ იყო, ახლა იქნება და უფრო ემოციურია. რამდენიმე წლის შემდეგ ნეაპოლში დაბრუნებაც ჩემთვის ემოციური იქნება, როცა აქ მეტოქის რანგში მომიწევს ჩამოსვლა. „იუვენტუსში“ ჩემი ისტორია ნათელია, რომელსაც ვერავინ წაშლის.

ტიაგო მოტამ მძიმე მემკვიდრეობა ჩაიბარა, ალეგრის პერიოდს ვგულისხმობ, რომელმაც „იუვეს“ ისტორია დაწერა. ის ძალიან კარგი და სერიოზული ბიჭია, რომელსაც საუკეთესოს ვუსურვებ, თუმცა, ლოგიკურია, რომ ჩვენს წინააღმდეგ არა. ის ჩემი ფეხბურთელი იყო იტალიის ნაკრებში, როცა ამაზე ვფიქრობ, ცოტა მაწუხებს, რადგან ნიშნავს, რომ ვბერდები (იღიმის - რედ). „იუვენტუსის“ მწვრთნელობა ბანალური არასდროსაა, რადგან იქ ყოველთვის გამარჯვებას გისახავენ მიზნად“, - აღნიშნა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 21 სექტემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.