გამოძიების დაწყების საფუძველი ამ მონაცემებით არსებობს, - განუცხადა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა „ქრონიკას“.
ადვოკატის თქმით, გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ფრიდონ ბუბუტეიშვილის განცხადების შემდეგ, რა სტატუსი შეიძლება ამ შემთხვევაში მიენიჭოს გიორგი ვაშაძეს, ეს გამოძიების საქმეა.
„ყოველთვის ასეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ჩვენება, ან სხვა მონაცემი, რეალურად გამოძიება ინტერესდება და იბარებს მას, ვისაც ამხელს ესა, თუ ის პიროვნება. არათუ მოსალოდნელია, ვფიქრობ, აუცილებელიც არის მისი [ვაშაძის] გამოკითხვის. რეალურად არის ერთი ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ ადამიანი შესაძლოა იყოს ამა, თუ იმ დანაშაულის ორგანიზატორი, ან თანა აღმსრულებელი, ან შემსრულებელი, ან დამხმარე. რა სტატუსი შეიძლება ამ შემთხვევაში მიენიჭოს გიორგი ვაშაძეს, ეს გამოძიების საქმეა და სხვა მტკიცებულებების - იქნება ეს მოწმე, თუ სხვა სახის მტკიცებულება. ეს [ბუბუტეიშვილის განცხადება] ავტომატურად არ ნიშნავს მის [ვაშაძის] ბრალდებულად, ან დამნაშავედ გამოცხადებას, მაგრამ გამოძიების დაწყების საფუძველი ამ მონაცემებით არსებობს“, - აღნიშნა ადვოკატმა.
გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ფრიდონ ბუბუტეიშვილმა საკუთარ ქმედებაზე ხელი გიორგი ვაშაძეს, პირდაპირ სასამართლო სხდომაზე დაადო. ბუბუტეიშვილმა პროცესზე თქვა, რომ ის ვაშაძის დაკვეთით მოქმედებდა. „ისროლე და თუ რამეა, მე აქ ვარ და გაგიყვან. “ ბრალდებულის თქმით, სწორედ ამ სიტყვებით მიმართა მას სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა. პროკურატურა დაკავებულს მეხანძრე- მაშველისთვის ქვის სროლას და პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებას ედავება.