სექტემბრის პირველ კვირაში HBO-მ ჰარი პოტერის სერიალისთვის მსახიობების შერჩევა დაიწყო. ჯოან როულინგის წიგნების სერიის მორიგი ეკრანიზაცია მასშტაბური პროექტია, რომელიც სტარტს, სავარაუდოდ, 2026 წლიდან აიღებს და მთელ ათწლეულს გასტანს. ამიტომ, შემოქმედებით პროცესს პოტერჰედები გულისყურით აკვირდებიან. სერიალზე მომუშავე გუნდს განსაკუთრებული სიფრთხილე ალბათ მაინც მსახიობების შერჩევისას მართებს, რადგან წინა ეკრანიზაციამ, ბლოკბასტერი ფილმების სერიამ, ფანებს თავი ისე შეაყვარა, რომ ჩვენთვის ასე საყვარელი პერსონაჟების სხვაგვარი სახე ვერც კი წარმოგვიდგენია.
თუმცა, გულშემატკივრებს ზოგიერთი როლისთვის უკვე შეგულებული ჰყავთ მსახიობები. აი, მაგალითად, ლორდი ვოლდემორის როლზე ინტერნეტმომხმარებლები კილიან მერფის განიხილავენ. ირლანდიელი მსახიობი, რომელმაც სახელი სერიალ Peaky Blinders-ში შესრულებული ტომ შელბის როლით გაითქვა, უამრავ ფანს პოტერიადის მთავარ ანტაგონისტად ესახება.
იმის მიუხედავად, რომ მსახიობის პროექტთან კავშირზე ჯერ არანაირი ოფიციალური ცნობა არ გავრცელებულა, სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ფანგვერდმა განაცხადა, ხმები დადის, კილიან მერფი ვოლდემორის როლზე განიხილებაო. ამ პოსტს ვრცელი განხილვა მოჰყვა და ბევრმა ინტერნეტმომხმარებელმა აღნიშნა, მერფი სწორედაც რომ ყველაზე შესაფერისი კანდიდატურააო.
"კილიან მერფი ვოლდემორის როლში? აი, ეს მესმის", "საუკეთესო კანდიდატურაა", "თავს არაჩვეულებრივად გაართმევდა", — ასეთი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ მედიაში გავრცელებულ ხმებს.
წლების განმავლობაში გავრცელებული ხმები კი, ჰარი პოტერის სერიალზე მუშაობის შესახებ, საბოლოოდ შარშან დადასტურდა. მაშინ გავიგეთ ისიც, რომ სერიალი მთელ ათწლეულს გასტანს, თითოეულ წიგნს კი თითო სეზონი დაეთმობა. ბოლო ცნობებით, საპილოტე ეპიზოდის სცენარი უკვე დაწერილია.