„რუსთავი 2-ის“ საქმე, მელიას, გვარამიას, სააკაშვილის საქმეები, ყველა ამ საქმეზე ყოველ ჯერზე სტრასბურგის სასამართლოთი დასტურდებოდა, რომ აშშ-ის საელჩოს განცხადება იყო ტყუილი და ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს წინააღმდეგ ცრუ ნარატივი წლების განმავლობაში ვრცელდება.
„2015 წლიდან ოთხი წელი „რუსთავი2-ის“ თემით აყანყალეს ჩვენი მართლმსაჯულება, ჩვენი ქვეყანა და რეპუტაციას ულახავდნენ ამ განცხადებებით. 2021 წელი, მელიას საქმე, ორი წელი დასჭირდა, დაპატიმრების დროს ამერიკის საელჩოს განცხადება, იქაც შეშფოთება, „უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში დემოკრატიის მიმავალ გზაზე“. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება 2021 წლის თებერვალი, დაკავების დღეს, 2023 წლის სექტემბრის სტრასბურგის გადაწყვეტილება - ყველაფერი იყო კარგად. რასთან გვაქვს საქმე. გვარამიას საქმე, 2022 წელი, ამერიკის საელჩოს განცხადება, ერთი, ორი, სამი განცხადება თვეების განმავლობაში იმეორებენ, სანამ არ შეაწყალებინეს პრეზიდენტს გვარამია. სტრასბურგმა არც კი მიიღო განსახილველად. სააკაშვილის საქმეზე, იქაც განცხადებები, დემარში. ევროკავშირის 27 სახელმწიფოს დემარში, სადაც პირდაპირ იყო გაცხადებული, რომ თუ მოკვდება, თქვენი პასუხისმგებლობაა. ფაქტობრივად, მიდიოდა გარკვეული ზეწოლა, რომ ეს არის პრობლემა, იქნებ პრობლემა მოიცილოთ და რაღაცნაირად გაუშვათ ეს ადამიანი სხვაგან. რა დაადგინა სასამართლომ? რამდენიმე თვეში ამ დემარშიდან, თებერვალში იყო დემარში, მაისში იყო სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომ საერთოდ არაფერი სჭირდება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.