ყველა მიმართულებით, საქართველო უსწრებს აბსოლუტურად ყველა კანდიდატ ქვეყანას და მთელ რიგ კომპონენტებში საქართველო უსწრებს ევროკავშირის ქვეყნების დიდ ნაწილს, - ასე შეაფასა პრემიერმა მსოფლიო ბანკის მონაცემები, რომლის თანახმადაც, კორუფციის ინდექსით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია.
ირაკლი კობახიძის თქმით, ასეთ პირობებში, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებით მიიღება უსამართლო გადაწყვეტილებები, არის უკიდურესი შეურაცხყოფა.
„ზოგადად, რაც შეეხება ინდექსებს და რეიტინგებს, ყველა მიმართულებით საქართველო უსწრებს აბსოლუტურად ყველა კანდიდატ ქვეყანას და მთელ რიგ კომპონენტებში საქართველო უსწრებს ევროკავშირის ქვეყნების დიდ ნაწილს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კორუფციის სიმცირე, გამჭირვალობა, ხელისუფლების ღიაობა, ეკონომიკური წინსვლა და ა.შ. ყველა მიმართულებით, საქართველო არის გამოკვეთილი, აშკარა ლიდერი.
ასეთ პირობებში, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებით მიიღება უსამართლო გადაწყვეტილებები, როდესაც სანქციები წესდება ომში მონაწილე პოლიციელების მიმართ და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის უკიდურესი შეურაცხყოფა და დეზინფორმაცია. თუ რაიმე არის დეზინფორმაცია, ეს არის ზუსტად გადაწყვეტილებები სანქციებთან დაკავშირებით, ეს არის უსამართლო განცხადებები, რომელიც ძალიან ხშირად ვრცელდება. მე მოვუწოდებ ყველას, რომ თავი შეიკავონ საქართველოს შესახებ ასე მასშტაბურად დეზინფორმაციის გავრცელებისგან,"- განაცხადა პრემიერმა.