მაილი საირუსი სასამართლო დავაში გაეხვა თავისი ჰიტის, Flowers-ის გამო. კომპანია, რომელიც ბრუნო მარსის სიმღერის When I Was Your Man საავტორო უფლებებს ფლობს, ამტკიცებს, რომ საირუსმა სიმღერის მელოდია "მოიპარა".
Flowers საირუსის მერვე სტუდიური ალბომის, Endless Summer Vacation-ის მთავარი სიმღერაა და მომღერლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნამუშევარია. Flowers -მა წინა წელს ყველა მუსიკალური სიის მოწინავე პოზიციები დაიკავა და 2024 წლის გრემიზე ორ ნომინაციაში, წლის საუკეთესო სიმღერასა და პოპის საუკეთესო სოლო შესრულებაში, გაიმარჯვა.
When I Was Your Man ბრუნო მარსმა 2012 წელს გამოუშვა. ეს სიმღერა ამერიკის შეერთებულ შტატებში ნომერი პირველი ჰიტი გახდა და პოპის საუკეთესო სოლო შესრულებაში გრემის ნომინაციაც დაიმსახურა.
TMZ-ის ცნობით, კომპანია Tempo Music Investments ამტკიცებს, რომ საირუსის სიმღერაში გადმოტანილია მარსის აკორდების პროგრესიები და გამეორებულია ტექსტიც. ამასთან ერთად, ამ ორ სიმღერას აქვს საეჭვოდ მსგავსი მელოდია, ჰარმონია და მისამღერი.
"უდავოა, რომ Flowers არ იარსებებდა, When I Was Your Man რომ არ ყოფილიყო" — წერია სარჩელში.