ღირსეული ქვეყნის ღირსეულმა პრემიერ-მინისტრმა დააფიქსირა თავისი პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრაზე, გაჟღერდა, რომ ჩვენთვის მიუღებელია ქმედებები, რომლებიც უკავშირდება დასანქცირებებს, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ. იგი ამგვარად გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეხვედრას აშშ-ის ელჩთან.
„სახელობითად გაჟღერდა კონკრეტული სამართალდამცავების სახელები და გვარები. გვახსოვს, წინა შემთხვევაში თვითონ თქვეს, ჩვენი კანონმდებლობა არ გვაძლევს საშუალებას, რომ დავასახელოთ ადამიანებიო, და ახალა - წინასაარჩევნო პერიოდში მათმა კანონმდებლობამ, როგორ დავიჯერო, რომ მისცა შესაძლებლობა, დაესახელებინათ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებზეც სანქციები გავრცელდება. ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენი ქვეყნის - ღირსეული ქვეყნის ღირსეულმა პრემიერ-მინისტრმა დააფიქსირა თავისი პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრაზე. გაჟღერდა, რომ ჩვენთვის მიუღებელია ქმედებები, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით, უკავშირდება დასანქცირებებს და ეს არის მიახლოება წითელ ზღვართანაც კი და თუ ეს წითელი ზღვარი გადაილახება, მაშინ უკვე ჩვენი ქვეყანაც იფიქრებს ურთიერთობების სისტემურ გადახედვაზე“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს გუშინ შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.