ირაკლი ქადაგიშვილი კობახიძისა და დანიგანის შეხვედრაზე: პრემიერ-მინისტრმა თქვა ის, რასაც ქართველი ხალხი ამბობს

ირაკლი ქადაგიშვილი კობახიძისა და დანიგანის შეხვედრაზე: პრემიერ-მინისტრმა თქვა ის, რასაც ქართველი ხალხი ამბობს

პრემიერ-მინისტრმა თქვა ის, რასაც ქართველი ხალხი ამბობს, - ასე გამოეხმაურა ირაკლი ქადაგიშვილი ირაკლი კობახიძისა და აშშ-ის ელჩის შეხვედრას. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე იზიარებს პრემიერის მოსაზრებას და აცხადებს, რომ სტრატეგიული პარტნიორის კრიტიკის უკან არასდროს დგას კონკრეტული ფაქტები.

„ფაქტია, რომ ამერიკა და საქართველო არიან სტრატეგიული პარტნიორები, მაგრამ რაში გამოიხატება ეს სტრატეგიული პარტნიორობა? მხოლოდ იმაში, რომ მუდმივად უნდა ისმოდეს კრიტიკა, რომლის უკანაც არ დგას ხოლმე კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული მოცემულობები. ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი გადადის ხოლმე უკვე იმაში, რომ რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის ზეპირი საუბარი ან რომელიმე ქართული კანონი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რუსულ კანონთან, იმის გამო რომ ვიღაცას არ აწყობს გამჭვირვალობა საქართველოსთან ურთიერთობაში, უნდა გახდეს ჩვენ შორის ურთიერთობის დაძაბვის და სანქციების შემოღების საბაბი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრმა თქვა ის, რასაც ქართველი ხალხი ამბობს“, - აცხადებს ქადაგიშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, რობინ დანიგანთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.