„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ თანადამფუძნებელი ნანა კაკაბაძე, ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რიგით 57-ე სესიას დაესწრო. ნანა კაკაბაძე წლებია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქმიანობს. საერთაშორისო აღიარება აქვს მის ორგანიზაციას „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“. სწორედ აღნიშნული ორგანიზაციის სახელით მიმართა ნანა კაკაბაძემ სესიის მონაწილეებს:
„მე ვარ ნანა კაკაბაძე საქართველოდან. წარმოვადგენ არასამთავრობო ორგანიზაციას „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“. ჩემი ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან საბჭოთა ეპოქის დისიდენტები, რომლებმაც გასული საუკუნის 70-80 წლებში გამოიარეს საბჭოთა ციხეები და ციხიდან გათავისუფლების შემდეგაც გააგრძელეს ფაქტობრივად იგივე საქმიანობა (უფლებების დაცვა), რომელსაც დისიდენტობის დროს ეწეოდნენ.
ჩამოვედი აქ, თქვენთან რიგით 57-ე უმნიშვნელოვანეს მსოფლიო ფორუმზე, რათა თქვენამდე მომეტანა ჩემი ქვეყნის ტკივილი. საქართველომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიიღო დამოუკიდებლობა, გამოიარა სამოქალაქო ომი და განიცადა გარე აგრესიაც, თუმცა მე მინდა დღეს გესაუბროთ დასავლეთის დამოკიდებულებაზე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი.
2003-2012 წლებში ქართველმა ხალხმა თავის მხრებზე გადაიტანა მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის მმართველობის მთელი სიმძიმე და საკუთარი შეფასება მისცა ამ ანტიდემოკრატიულ, ფაშისტურ-ბოლშევიკური მეთოდებით მოქმედ პარტიას, როდესაც 2012 წელს ჯერ ხელისუფლებიდან ჩამოაშორა ეს ძალა, ხოლო შემდეგ, 12 წლის განმავლობაში ჩატარებულ ყველა ადგილობრივ, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნებში მუდმივად სასტიკად ამარცხებდა ამ პარტიას.
დასავლეთმა, რომელიც საბჭოთა რეჟიმის დროს ყოველთვის იყო არათავისუფალი მსოფლიოს 1/6-ის იმედი და მისი სუვერენიტეტის დაცვის გარანტი, დღეს ფაქტობრივად გახდა ამ სუვერენიტეტის შემლახველი. ვგულისხმობ ევროპარლამენტიდან და სხვა ევროპული სტრუქტურებიდან თუ კონკრეტული პოლიტიკოსებიდან მომავალ არაადეკვატურ რეზოლუციებს თუ განცხადებებს, ასევე მათი მხრიდან ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში არასამართლიანად და უხეშად ჩარევის ნათელ მაგალითებს. ისინი ქართველ ხალხს უმტკიცებენ, რომ მათ მიერ მრავალჯერ უარყოფილი ანტიდემოკრატიული ძალა − „ნაციონალური მოძრაობა“, არის პროდასავლური, ხოლო დღევანდელი ხელისუფლება − პრორუსული. სინამდვილეში ქართველი ხალხის უმრავლესობამ თავის მხრებზე გადაიტანა მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის მმართველობის მთელი სიმძიმე 2003-2012 წლებში და საკუთარი შეფასება აქვს ამ ანტიდემოკრატიული, ფაშისტურ-ბოლშევიკური მეთოდებით მოქმედი პარტიის მიმართ. თუ რას მოიცავდა აღნიშნულ წლებში სააკაშვილისა და მისი პარტიის მმართველობა, ამას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემ მიერ აქ ჩამოტანილ და გავრცელებულ მათი მმართველობის მოკლე განხილვაში. ამიტომ, ქართული საზოგადოების დიდი უმრავლესობა ვერასოდეს დაეთანხმება დღევანდელი ხელისუფლების პრორუსულად, ხოლო სააკაშვილის ხელისუფლების პროდასავლურად შეფასებას, რადგან ამის არცერთი დამაჯერებელი ფაქტი არ არსებობს. მით უმეტეს, როდესაც ამას ემატება ჩვენი დასავლელი „კეთილისმსურველების“ მუდმივი კარნახი და მოთხოვნა იმაზე, თუ როგორ ვიცხოვროთ, რა არის ჩვენთვის კარგი და რა ცუდი, რა კანონი უნდა მივიღოთ, ანტიდისკრიმინაციული, ლგბტ უფლებების დამცავი თუ ანტიეკლესიური და ა.შ. და ეს მაშინ, როცა საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების დღიდან ჩვენ დავიწყეთ და შევცვალეთ ის კანონები, რომლებიც არ შეესაბამებოდა ევროპულ სტანდარტებს, ჩვენ მივიღეთ ევროპული სტანდარტის კონსტიტუცია, რომელშიც ერთი თავი დათმობილი აქვს ადამიანის უფლებებს.
საქართველოსთან მიმართებით ამ პოლიტიკოსების საჯარო პოზიციებისა და გამონათქვამების შედეგია, რომ ჩვენს ქვეყანაში, სადაც ყველა გამოკითხვით მოსახლეობის 80-85% პროევროპულად იყო განწყობილი, ბოლო წლებში დიდი სიფრთხილით ეკიდებიან დასავლეთიდან მომავალ ყველა მოთხოვნას თუ რეკომენდაციას. ისინი ფიქრობენ, რომ თუ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მმართველობის 9-წლიან ანტიდემოკრატიულ რეჟიმს ჩვენი დასავლელი კოლეგები დასავლური დემოკრატიის სტანდარტების დაცვად მიიჩნევენ, მაშინ ისინი თავს იკავებენ ასეთ დასავლეთში ინტეგრაციისგან.
სააკაშვილის დასავლელ ლობისტებს არ აინტერესებთ, რომ დღევანდელი საქართველო „ფრიდომ ჰაუსის“ ინდექსით მიჩნეულია სრულიად თავისუფალ ქვეყნად; არც ის, რომ არათუ ჩვენს სამეზობლოს, არამედ თითქმის ნახევარ ევროპას უსწრებს კორუფციის დაბალი ინდექსით ჩვენი ქვეყანა; ასევე ის, რომ დღევანდელი შეფასებებით საქართველო ევროპის ბევრ და NATO-ს წევრ ზოგიერთ ქვეყანაზე წინ არის ბიზნესის წარმოების თავისუფლების, ეკონომიკური ზრდის და ტრანსფარენტულობის ინდექსებით; არც ის, რომ ყველა საერთაშორისო ფორუმზე საქართველო ხმას აძლევს უკრაინის სასარგებლო გადაწყვეტილებებს, იღებს და პატრონობას უწევს ათასობით უკრაინელ ლტოლვილს; რომ სწორედ დღევანდელმა ხელისუფლებამ მიაღწია ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულების ხელმოწერას; ასევე ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ბოლოს, სწორედ მან მიიღო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. და ეს ხდება სწორედ ევროპული კრიტერიუმებით და არა ვინმეს საშეღავათო შეფასებებით. ამ ყველაფრის მიუხედავად, დღეს ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს მიმართ ადგილი აქვს სრულიად არაობიექტურ, მიკერძოებულ და უსამართლო დამოკიდებულებას, რასაც მწვავედ განიცდის ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი.
საქართველოში ანტიდასავლური განწყობების გახშირების მიზეზად დასავლეთში ბევრი იმას მიიჩნევს, თითქოს ჩვენთან გაძლიერდა რუსული პროპაგანდა, რომელსაც რუსული ჰიბრიდული ომის შემადგენელ ნაწილს უწოდებენ. ჩვენ არ უარვყოფთ, რომ საქართველოში რუსეთს თავისი ინტერესები აქვს და რასაკვირველია, ამ ინტერესების რეალიზაციისთვის თავისი მცდელობებიც ექნება, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილის მხრიდან დასავლეთის მიმართ ფრთხილი პოზიციების გაჩენა არა იმდენად რუსული პროპაგანდის, არამედ საქართველოს მიმართ სწორედ დასავლეთის გარკვეული წრეებიდან მომავალი გზავნილებისა და მოთხოვნების შედეგია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ საქართველოში დღეს არ ფუნქციონირებენ რუსული მედიასაშუალებები, ყველა სახელისუფლებო თუ ოპოზიციური მედიასაშუალება ერთხმად აცხადებს, რომ ქვეყნის მიზანი ევროკავშირში გაწევრიანება და ევროპული ღირებულებების განმტკიცებაა, მაგრამ ჩვენი საზოგადოება, რომელსაც გავლილი აქვს კრემლის დიქტატის ტრადიცია, სწორედ დასავლეთიდან მომავალ გზავნილებს და მოთხოვნებს ადარებს ამ დიქტატს, როდესაც ისმენს, რომ თუ ქვეყანა ამა თუ იმ კანონს არ მიიღებს, ან თუ ამა თუ იმ კრიმინალს არ გაათავისუფლებს, ან თუ ეკლესიის გავლენას არ შეამცირებს, ან თუ ანტიდემოკრატიულ პოლიტიკურ ძალას დემოკრატიულად არ მიიჩნევს, მაშინ ის ვერ ეღირსება ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას. ასეთი განცხადებები კი ისეთი ინტენსივობით და ქვეყნის მიმართ ზოგჯერ ისეთი უხეში და შეურაცხმყოფელი ფორმებით კეთდება, რომ ჩნდება ეჭვი, სპეციალურად ხომ არ სჭირდებათ ეს დასავლეთში ვიღაცებს, რათა ჩვენს ქვეყანაში გააძლიერონ პრორუსული და ანტიდასავლური განწყობები.
იმედია, ჩვენი დასავლელი კოლეგები გაიაზრებენ და გაიზიარებენ, რომ მსგავსი ქმედებები სწორედ რუსული პროპაგანდისათვის ქმნიან ნოყიერ ნიადაგს და საქართველოს მიმართ მომავალში მაინც ექნებათ არა ორმაგ სტანდარტებზე, არამედ თანასწორუფლებიანობაზე დამყარებული ობიექტური დამოკიდებულება“.