ეკონომიკის დოქტორმა ვახტანგ ჭარაიამ „დღის ქრონიკასთან“ იმ კომპონენტებზე ისაუბრა, რომლებიც ეკონომიკის ზრდის შესანარჩუნებლად აუცილებელია. მათ შორის მან დაასახელა სტაბილური პოლიტიკური სიტუაციის შენარჩუნება, სტაბილური ბიზნეს გარემო და ვალუტის სტაბილურობა, რაც მისი თქმით აისახება ინვესტიციების მოცულობაზე.
ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, არც ერთი ეს კომპონენტი ცალ-ცალკე არ განიხილება.
„არც ერთი მათგანი ცალკე აღებული არ გვაძლევს არაფრის გარანტიას. რა თქმა უნდა მათი კომბინაციაა აუცილებელი. მაგრამ ამ კომბინაციაში ფუნდამენტურები შეიძლება ითქვას, რომ არის სტაბილურობა ქვეყნის შიგნით და ქვეყანასთან მიმართებაში სტაბილურობა, საერთაშორისო განზომილებით ვგულისხმობ. ამის შემდეგი საფუძველი არის უკვე მაკრო სტაბილურობა ქვეყანაში, გაცვლითი კურსი მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ეროვნული ვალუტის როგორი იქნება და რომ არ იყოს ის ნახტომისებრი ცვალებადი და არ შექმნას ამან ბიზნესისთვის გარკვეული გაურკვევლობები. ამისთვის ეს ელემენტი ძალიან მნიშვნელოვანია. და ზოგადად გამჭვირვალობა და სახელმწიფოს პოლიტიკა ბიზნესის მიმართულებით, ეკონომიკის მიმართულებით თუ როგორი იქნება გრძელვადიან ჭრილში“, - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.