ირაკლი კობახიძე: მომავალი წლიდან თვისებრივად უნდა გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, იმედი გვაქვს, მოქმედი ელჩის პერსონალური როლი ურთიერთობების გაჯანსაღებაში გარკვეულ წვლილს შეიტანს

ირაკლი კობახიძე: მომავალი წლიდან თვისებრივად უნდა გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, იმედი გვაქვს, მოქმედი ელჩის პერსონალური როლი ურთიერთობების გაჯანსაღებაში გარკვეულ წვლილს შეიტანს

მომავალი წლიდან თვისებრივად უნდა გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, როგორი კონტრპროდუქტიული ნაბიჯებიც არ უნდა გადაიდგას მეორე მხრიდან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებულ განცხადებებს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროდ, ქართულმა საზოგადოებამ მოისმინა არა ერთი ტყუილი, მათ შორის, მაგალითად სიცრუეში პირდაპირ იყო მხილებული მეთიუ მილერი „გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით".

„ჩვენთვის მთავარია სიმართლე რა არის. სიმართლე არის ის, რომ ჩვენ არაერთი ტყუილი მოვისმინეთ, სამწუხაროდ, იგივე მილერის მხრიდან და ეს ფაქტობრივი ტყუილიც დაგიდასტურეთ, როდესაც „გამჭვირვალობის შესახებ კანონზე" პირდაპირ თქვა ტყუილი, რომ ამერიკაში, თითქოსდა, სხვანაირად იყო რაღაცეები მოწესრიგებული. პირდაპირ, ფაქტობრივად ვამხილეთ მილერის ბრიფინგი ტყუილში, მაგრამ ჩვენ წარსულს არ ვუბრუნდებით. უსამართლობა და არა ჯანსაღი დამოკიდებულებები უნდა დარჩეს წარსულს. მომავალი წლიდან თვისებრივად უნდა გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ეს არჩევნები დასრულდება, ომიც დასრულდება უკრაინაში და ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მთლიანად ურთიერთობების გადატვირთვაზე. ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს. როგორი კონტრპროდუქტიული ნაბიჯებიც არ უნდა გადაიდგას მეორე მხრიდან.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა მოქმედი ელჩის დადებით როლს, პერსონალურად, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაში.

„მინდა, ხაზი გავუსვა მოქმედი ელჩის დადებით როლს, განსხვავებით წინა ელჩისგან და იმედი გვაქვს, რომ გარკვეულ წვლილს შეიტანს, პერსონალურად, მოქმედი ელჩის როლი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაში, მის პერსონალურ როლზე მაქვს საუბარი,"- განაცხადა პრემიერმა.