ომის დაწყებაზე იმსჯელა ევროსაბჭომ და ევროსაბჭოს ამ დასკვნას, სადაც წერია, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი, ხელი მოაწერა თავად სააკაშვილის რეჟიმის რამდენიმე წარმომადგენელმა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ჰააგის სასამართლოში დადგინდა, რომ ქართულ ჯარს არ ჩაუდენია ომის დანაშაული და სტრასბურგში დადგინდა, რომ ქართულ ჯარს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები.
„არც ერთ სასამართლოს არ უმსჯელია ომის დაწყებასთან დაკავშირებით. ომი დაიწყო საქართველოში 2008 წლის აგვისტოში. ვინ დაიწყო ეს ომი - ვინც გახსნა ცეცხლი ცხინვალზე 7 აგვისტოს და შემდეგ ხელი მოაწერა იმას, რომ თავად დაიწყეს ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები. ეს პირდაპირ თქვეს თავად. ომი დაიწყო 2008 წელს და 7 აგვისტოს გახსნა მაშინდელმა რეჟიმმა ცეცხლი ცხინვალზე. თავად აქვთ ამაზე ხელი მოწერილი", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, რუსული მხარის საუბარი იმაზე, რომ ისინი სცენარებისთვის ემზადებოდნენ, ვერავითარი გამართლება ვერ არის სააკაშვილის რეჟიმისთვის.
„ტალიავინის დასკვნაში კიდევ უფრო დეტალურად წერია ეს ყველაფერი. 7 აგვისტოს ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები პირველად რეგიონში დაიწყო სწორედ სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვით, ეს წერია სწორედ ევროსაბჭოს რეზოლუციაში, ეს წერია ტალიავინის დასკვნაში. ერთს პირდაპირ ხელი მოაწერა "ნაცმოძრაობის" რეჟიმმა და მეორეს დაეთანხმა, როდესაც გამოქვეყნდა ტალიავინის დასკვნა. „ნაცმოძრაობამ" ხელი მოაწერა, ამაზე პასუხისმგებლობას იზიარებს გვარამიას პარტიაც. სალომე ზურაბიშვილიც ზუსტად იგივეს აცხადებდა ამის გამო თქვენ ის მოღალატედ გამოაცხადეთ 2018 წელს. სალომე ზურაბიშვილს აქვს ზუსტად იგივე ნათქვამი, რასაც ხელი მოაწერა სააკაშვილის რეჟიმმა, რომ 7 აგვისტოს ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო სწორედ "ნაცმოძრაობის" რეჟიმმა", - განაცხადა პრემიერმა.