ირაკლი კობახიძე: ერთადერთი, ვინც შეუნახა ღირსება სახელმწიფო ომის დღეებში, იყო სწორედ ქართული ჯარი და ქართველი ჯარისკაცი

ირაკლი კობახიძე: ერთადერთი, ვინც შეუნახა ღირსება სახელმწიფო ომის დღეებში, იყო სწორედ ქართული ჯარი და ქართველი ჯარისკაცი

ერთადერთი ვინც შეუნახა ღირსება ამ სახელმწიფო ომის დღეებში, იყო სწორედ ქართული ჯარი და ქართველი ჯარისკაცი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილის რეჟიმმა გარე დაკვეთით დაიწყო ომი ქვეყანაში.

„სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი, რასაც მოგვიანებით თავად სააკაშვილის რეჟიმის ლიდერებმა მოაწერეს ხელი. თქვენ იცნობთ ალბათ ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით წერია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები 7 აგვისტოს დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა და მერე წერია იქვე, რომ ამას მოჰყვა რუსეთის საპასუხო შეტევა. ასევე მაშინდელი გენშტაბის უფროსი, რომელიც დღეს არის „ნაცმოძრაობის" წარმომადგენელი, პირდაპირ აცხადებდა, რომ დასწრებაზე მოქმედებდნენ, რადგან ჰქონდათ შიში, რომ მოგვიანებით რუსები შემოვიდოდნენ ცხინვალის რეგიონში, ამიტომ უნდა მოესწროთ დასახლებების დაკავება. არის არაერთი აღიარებითი ჩვენება, ტალიავინის დასკვნა და ა.შ. თავად აქვთ აღიარებული ამ ადამიანებს, რომ გააჩაღეს ომი ამ ქვეყანაში. დაიწყეს ეს ყველაფერი ცხინვალის დაბომბვით, მერე როგორც გაგრძელდა პროცესები, კარგად გახსოვთ - ორ დღეში წააგეს ომი მიუხედავად ჩვენი ჯარისკაცების და ჩვენი ჯარის გმირული ბრძოლისა. ერთადერთი ვინც შეუნახა ღირსება ამ სახელმწიფო იმ დღეებში, იყო სწორედ ქართული ჯარი და ქართველი ჯარისკაცი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.