მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა. ეს ამოცანა კი, მხოლოდ შერიგების და შესაბამისად, ორმხრივი მონანიების პირობებში შეიძლება შესრულდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ვინც მონანიებისა და შერიგების იდეას უპირისპირდება, ის შეგნებულად ეწინააღმდეგება მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
„საბოლოოდ, ყველაფერი შედეგებით იზომება. გარედან მართული სააკაშვილის რეჟიმის მიზანმიმართულმა ნაბიჯებმა - სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრების აღდგენამ, ცხინვალის რეგიონში ალტერნატიული სეპარატული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამ, აგრესიულმა რიტორიკამ, გამუდმებულმა სამხედრო პროვოკაციებმა და ბოლოს, 7 აგვისტოს ცხინვალის დაბომბვამ მოიტანა უმძიმესი შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის - დაიღუპა 400-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი, 30 ათასი ადამიანი იქცა დევნილად საკუთარ სამშობლოში, საქართველომ დაკარგა ტერიტორიების 20 პროცენტი და უმძიმესი ზიანი მიადგა ნდობას ქართველებსა და ოსებს შორის. ეს შედეგები უნდა გაიაზროს ყველამ, მათ შორის იმ ადამიანებმა, რომლებსაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა" დღეს ურთიერთპატიებისა და შერიგების წინააღმდეგ განცხადებების გაკეთებას თხოვს.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის აგვისტოში ქართული ჯარი იყო ის, ვინც, მაშინდელი ხელისუფლების ღალატის ფონზე, ქართულ სახელმწიფოს ღირსება შეუნარჩუნა. შესაბამისად, ჩვენი ვალია ქედი მოვიხაროთ თითოეული ჯარისკაცის წინაშე, რიგითებით დაწყებული სამხედრო მეთაურებით დამთავრებული, რომელმაც ბრძანება ჯარისკაცის ფიცის შესაბამისად შეასრულა და 2008 წელს სამშობლოსათვის გმირულად იომა, განსაკუთრებით კი იმ გმირების წინაშე, რომლებმაც სამშობლოს ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე შესწირეს.
მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა. ეს ამოცანა კი, მხოლოდ შერიგების და შესაბამისად, ორმხრივი მონანიების პირობებში შეიძლება შესრულდეს. აქედან გამომდინარე, ვინც მონანიებისა და შერიგების იდეას უპირისპირდება, ის შეგნებულად ეწინააღმდეგება მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რაც საქართველოს ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატია", - განაცხადა პრემიერმა.