ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის იმისათვის, რომ ყოველ ჯერზე მივიღოთ მაქსიმალურად კარგად გააზრებული და სწორი გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ქვეყანაში ეკონომიკის და ბიზნესის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.
„ეკონომიკის, ბიზნესის განვითარება არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ ჩვენი ეროვნული პრობლემები მოვაგვაროთ, აღმოვფხვრათ სიღარიბე და უმუშევრობა, ხელი შევუწყოთ ადამიანების დასაქმებას. მომავალშიც, რა თქმა უნდა, მზად ვართ ასეთი კომუნიკაციისთვის. ნებისმიერ დროს ღია ვართ ბიზნესთან ურთიერთობისთვის და ნებისმიერი საკითხის განსახილველად. მთავარია 3 ფაქტორი, რაც არის მნიშვნელოვანი ქვეყანაში ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებისთვის. ეს არის პირველ რიგში სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს, მეორე - ბიზნესის თავისუფლება და მესამე - მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში. ეს სამივე ფაქტორი თანაბრად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებას არ შეექმნას რაიმე საფრთხე", - განაცხადა პრემიერმა.