"იმედი ვიქონიოთ, რომ ბატონი ივანიშვილი თავის ზრახვებში გულწრფელი იქნება და აფხაზ ხალხთან მიმართებაში სწორ სიტყვებს იპოვის", - ამის შესახებ განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
განცხადებაში ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ასეთი განცხადება „შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს“.
„ყურადღება მივაქციეთ საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადებას, რომლის მიხედვითაც, 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება ძალას იპოვის ბოდიში მოიხადოს იმის გამო, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს „ოსი დები და ძმები ცეცხლის ალში გაახვია“. მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება აფხაზეთის რესპუბლიკას პირდაპირ არ ეხება, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი განცხადება შერიგებისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯებით გამყარების შემთხვევაში, წარსულის შეცდომების გადაფასებასა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ე.წ. საგარეო უწყების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება აჩვენებს, რომ „საქართველოში შიდა გადაფასებისა და შეცდომების აღიარების რესურსი ჯერ კიდევ არსებობს, როგორც ეს ჩვენ ურთიერთობებში არაერთხელ მომხდარა“.
„შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 1956 წელს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა აგვისტოს პლენუმზე, ი. სტალინისა და ლ. ბერიას მმართველობის დროს აფხაზეთის მიმართ საქართველოს ხელმძღვანელობის ქმედება დაგმო. 1978 წლის 27 ივნისს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის XI პლენუმზე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა: „პირდაპირ უნდა ითქვას, რომ წარსულში, ჩვენთვის ცნობილ პერიოდში, აფხაზი ხალხის მიმართ ტარდებოდა პოლიტიკა, რომელსაც პრაქტიკულად შოვინისტური უნდა ეწოდოს“. სამწუხაროდ, ამან ხელი არ შეუშალა ბატონ შევარდნაძეს, რომ 1992 წელს აფხაზეთში ომი დაეწყო“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ე.წ. საგარეო უწყება იმედს გამოთქვამს, რომ „ბატონი ივანიშვილი თავის ზრახვებში უფრო გულწრფელი იქნება და აფხაზ ხალხთან მიმართებაში სწორ სიტყვებს იპოვის, რომლებიც საქმესთან წინააღმდეგობაში არ მოვა და აფხაზეთსა და საქართველოს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის საერთაშორისო გარანტიების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერით დასრულდება“.