ქართულმა სახელმწიფომ, მისმა ხელისუფლებამ, როგორც იქნა გაბედა და თქვა - დიახ, ვინც ქართულ ეკლესიას, იდენტობას, ხალხის არჩევანს მიაყენებს შეურაცხყოფას, მას გავცემთ პასუხს, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ჩვენ არაერთი მაშველი რგოლი შეგვიძლია ვნახოთ არჩევნებამდე. დღეს ნახეთ ხომ სანქციები გამოაცხადეს. დღესვე როთი ჩამოვიდა, ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ქართველ ხალხს, ეკლესიას, ხელისუფლებას, ქართველი ხალხის არჩევანს და ჭკუას გვასწავლის. ამიტომ არ ვხვდებით და ამიტომ ვბედავთ და ქართულმა სახელმწიფომ, მისმა ხელისუფლებამ, როგორც იქნა გაბედა და თქვა - დიახ, ვინც ქართულ ეკლესიას, იდენტობას, ხალხის არჩევანს მიაყენებს შეურაცხყოფას, მას გავცემთ პასუხს, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს. 10 წლის წინ ალბათ ამაზე ვერც კი ვიოცნებებდით და დღეს ჩვენ ამას ვბედავთ. ერთი წამით მაინც წარმოიდგინოთ, რომ მისმა უშუალო კოლეგამ ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთოს ასეთი რამ, ჩავიდეს გერმანიაში და მათ ღირსებას, ხელისუფლებას შეურაცხყოფა მიაყენოს. ამას ჩვენ თვითონ არ დავუშვებთ, მაგრამ წარმოიდგინეთ მათი რეაქცია. ისინი ბედავენ აქეთ! ვერ უნდა გაბედონ!“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მან ასევე ისაუბრა სანქციებზე, რომლის დაწესების შესახებაც ინფორმაცია დღეს გავრცელდა.
„დღეს სანქციები ვნახეთ. როგორც ჩანს არაფორმალური გავლენები იმდენად მძლავრია, მათ შორის აშშ-ში, ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, რომ ამ გავლენების შესაბამისად კიდევ ერთხელ დაგვასანქცირეს. ამჯერად ფინანსური სანქციები დააწესეს. გაურიეს, ერთმანეთში არიეს „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები და პოლიციის მაღალჩინოსნები. ეს არის პოლიციის შეურაცხყოფა, ინსტიტუტის შეურაცხყოფა და არის ქართველი ხალხის არჩევანსა და ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. ქართულ არჩევნებში ჩარევის მცდელობა. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ჩვენ კიდევ ველოდებით მსგავს და შეიძლება კიდევ უფრო მძაფრ რეაქციებს“, აღნიშნა მდინარაძემ.