ჩვენი გმირები შეეწირნენ ერთიანი საქართველოს იდეას. და ამ იდეის აღსრულებას ჭირდება დიდი შერიგება ჩვენ ოს დებთან და ძმებთან, ჩვენ აფხაზ დებთან და ძმებთან. და დიდი შერიგება ბოდიშის გარეშე შეუძლებელია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მედიის წარმომადგენელმა მას, ბიძინა ივანიშვილის განცხადების ირგვლივ ოპოზიციის მიერ ატეხილ ხელოვნურ აჟიოტაჟზე ჰკითხა. მამუკა მდინარაძის თქმით, როდესაც ვიღაცას ჰყოფნის პოლიტიკური გამბედაობა და ვაჟკაცობა და ამბობს, რომ დიახ, ჩვენ ბოდიში უნდა მოვიხადოთ, აქ ოსებზე და აფხაზებზეა საუბარი და არა მკვლელებზე და მწამებელზე.
„არსებობს კონფლიქტის გადაჭრის ორი გზა. ერთია ომი და მეორეა ურთიერთპატიება. ჩვენ ვირჩევთ ურთიერთპატიების გზას. და იმ ადამიანებმა ვინც გაილაშქრეს ქვეყნის ერთიანობის, ურთიერთპატიების, შერიგების წინააღმდეგ უნდა კარგად გაათვითცნობიერონ რას დაუპირისპირდნენ, რასთან დაკავშირებით სცადეს სპეკულაციები, რასთან დაკავშირებით სცადეს, აი ამ ბინძურ, პოლიტიკურ შეხლა-შემოხლაში და სიბინძურე მხოლოდ მათი მხრიდან არის გაერიათ, გაესვარათ გმირების სახელები და გვარები. რას ატყუებენ ისინი ქართულ საზოგადოებას და რატომ სჭირდებათ ტყუილის თქმა, რომ თითქოს ვინმე ამბობს, რომ ან ოკუპანტს, ან მკვლელს ან მწამებელს ბოდიში უნდა მოუხადოს ვინმემ.
უნდა ჩამოვყალიბდეთ ოსები და აფხაზები არიან თუ არა ჩვენი დები და ძმები, თუ როგორც ისინი ამ სამი დღის განმავლობაში ბინძურად აკეთებენ ისინი არიან დამნაშავეები?! დიახ, დამნაშავეა მკვლელი და მწამებელი და ის მკვლელები და მწამებლები ისეთივე ოსები და აფხაზები არიან, როგორც მიხეილ სააკაშვილის ქართველი. და ეს უნდა შეიგნონ ბოლო-ბოლო. და ქვეყნის გაერთიანების იდეის აღსრულებას და ერთიანი საქართველოს იდეის აღსრულებას დიდი პოლიტიკური გამბედაობა და ვაჟკაცობა სჭირდება! და ამ ვაჟკაცობის შემადგენელი ნაწილია ბოდიშის მოხდაც, სადაც ეს საჭირო და აუცილებელია ურთიერთპატიებისათვის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.