ალუდა ღუდუშაური: ის, რომ რუსეთი ოკუპანტია, ბოდიშს არავინ უხდის და როგორ შეიძლება რაიმე საბოდიშოზე საერთოდ საუბარი იყოს, ქართველ ხალხთან ამაზე განმარტება არ გვჭირდება

ალუდა ღუდუშაური: ის, რომ რუსეთი ოკუპანტია, ბოდიშს არავინ უხდის და როგორ შეიძლება რაიმე საბოდიშოზე საერთოდ საუბარი იყოს, ქართველ ხალხთან ამაზე განმარტება არ გვჭირდება

ის, რომ რუსეთი ოკუპანტია, ბოდიშს არავინ უხდის და როგორ შეიძლება რაიმე საბოდიშოზე საერთოდ საუბარი იყოს, ქართველ ხალხთან ამაზე განმარტება არ გვჭირდება, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა „დღის ქრონიკაში“.

წამყანმა დეპუტატს ჰკითხა, რას გულისხმობს ბოდიშის იდეა, რომელიც პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა, რადგან ოპოზიციამ ისე წარმოაჩინა, თითქოს ეს არის ბოდიში ოკუპანტების მისამართით.

„ამას იძახის ძალა, რომელმაც ამ ქვეყანას დაატეხა სწორედ ის უბედურება, რომელშიც დღეს ჩვენ ვართ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ქართველი ხალხი მიამიტია და ადვილად გასაგები არაა, რომ აქ [განცხადებაში] ოკუპანტზე საუბარი საერთოდ არ არის. ის, რომ რუსეთი ოკუპანტია, ბოდიშს არავინ უხდის და როგორ შეიძლება რაიმე საბოდიშოზე საერთოდ საუბარი იყოს, ქართველ ხალხთან ამაზე განმარტება არ გვჭირდება. ეს არის ბრძოლა წესების გარეშე, რომელიც კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოგვიცხადა - გამოუცხადა საკუთარ ხალხს და ქვეყანას.

როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვინდა სანატრელი სურვილი შევასრულოთ და ეს ქვეყანა იყოს ერთიანი, ძლიერი და ერთიანობაში მხოლოდ ფიზიკურ ერთიანობას და ტერიტორიებს არ ვგულისხმობთ, ერთობაში, ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ, ოს დებთან და ძმებთან თანაცხოვრებას ვგულისხმობთ. რადიკალური ძალებისთვის ყველაფერი ეს მიუღებელია. ძალა, რომელმაც საკუთარ გმირ სამხედროებს დააბრალა აგრესიული ომის წარმოება და ეს დეკლარირებულად აქვთ გაკეთებული რეზოლუციის მხარდაჭერის სახით, მათგან აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, რომ ასეთ კამპანიას გააჩაღებდნენ.

მეტსაც გეტყვით, როდესაც ჩვენ ღვთის წყალობით, უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის და ალბათ ეს მალე იქნება, მოლოდინი უნდა გქონდეთ და დარწმუნებულები უნდა იყოთ, ეს ძალები ყველაფერს გააკეთებენ, ახლა თუ ვერბალურ დონეზე აქვთ ატეხილი ხელოვნური აჟიოტაჟი, დარწმუნებული ვარ, ფიზიკურ ძალადობაზე გადავლენ, რომ ამ ქვეყანას არ ჰქონდეს მომავალი. ამ ქვეყნის პროგრესს უპირისპირდებიან ეს ადამიანები იმიტომ, რომ მათთვის ყოველგვარი პროგრესი ასოცირდება „ქართულ ოცნებასთან“. „ქართულ ოცნებასთან“ პაექრობაში იმდენად არიან სიღრმეში შესული მათი დამკვეთები, რომ ყოველგვარი სიკეთე სძულთ. რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა, აბსოლუტური უმრავლესობისთვის, ყველა ნეიტრალური დამკვირვებლისთვის სრულიად ცალსახა იყო, რაზეც საუბრობდა ბატონი ივანიშვილი“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.