თამარ ჩიბურდანიძე:  ქართველებიც, აფხაზებიც და ოსებიც პოლიტიკოსების შეცდომას შეეწირნენ და ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამ შეცდომის გამოსწორებას ცდილობს 

თამარ ჩიბურდანიძე:  ქართველებიც, აფხაზებიც და ოსებიც პოლიტიკოსების შეცდომას შეეწირნენ და ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამ შეცდომის გამოსწორებას ცდილობს 

„შიდა კონფლიქტების დაწყებიდან დღემდე, საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო არათუ კონფლიქტების მოგვარება, არამედ, კონფლიქტების ტრანსფორმაციაც კი,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. 

მისივე თქმით, მხოლოდ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში დაიწყო კონფლიქტების მოგვარების პროცესი. 

ჩიბურდანიძე ოპოზიციას ეთნოკონფლიქტში დაღუპული ბიჭების სახელით მანიპულირებას არ ურჩევს.

„შიდა კონფლიქტების დაწყებიდან დღემდე, საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო არათუ კონფლიქტების მოგვარება, არამედ, კონფლიქტების ტრანსფორმაციაც კი. როგორც 90-იან, ასევე 2000-იან წლებშიც ერთადერთი, რაც “შეძლეს”, იყო ისევ ომი და კონფლიქტის კიდევ უფრო მეტად გამძაფრება, კიდევ უფრო მეტი ტერიტორიების დაკარგვა. “ქართული ოცნების” პერიოდში კი კონფლიქტების რეალური მოგვარების პროცესი დაიწყო. 

სააკაშვილის ხელისუფლება მხოლოდ მუსიკალური კლიპებით ცდილობდა პროპაგანდის წარმოებას და ვითომდა პატრიოტული მუხტის შენარჩუნებას, მაგრამ, რისთვის? როგორც ჩანს, ვიღაცას სურდა  საქართველოში მუდმივად საბრძოლო  განწყობა ჰქონოდა ხალხს. დღეს უკვე ცხადია, რომ უკრაინის ომი დიდი ხნის წინ იყო ჩაფიქრებული, რომლის გაგრძელებაც ალბათ საქართველო უნდა ყოფილიყო.

ვინც საბრძოლო განწყობას ქმნის ხალხში, ის შერიგებისკენ არ მიდის. შერიგების გარეშე კი ჩვენი კონფლიქტების მოგვარება შეუძლებელია. საინტერესოა, როგორ წარმოუდგენია ოპოზიციას ორი დაპირისპირებული მხარის შერიგება ორმხრივი სინანულისა და აღიარების  გარეშე? ეს ურთულესი პროცესია, მაგრამ ერთადერთი გზაა საქართველოს მთლიანობისკენ. განა ჩვენმა გმირებმა სიცოცხლე საქართველოს ერთიანობისთვის არ გაწირეს? და თუკი მათი მიზანი

მიღწეული იქნება, ეს მათი სულების შეურაცხყოფაა თუ მათი სახელების უკვდავყოფა?

მე ქედს ვიხრი იმ ქართველი დედების  წინაშე, რომელთა შვილებიც აფხაზი და ოსი ხალხის მიერ ნასროლმა ტყვიამ განგმირა. ქედს ვიხრი იმ აფხაზი და ოსი დედების წინაშე, რომელთა შვილებიც ქართველების  მიერ ნასროლმა ტყვიამ განგმირა. და ბოლოს, მე ქედს ვიხრი იმ მოძმე ხალხის წინაშე, რომლებმაც შეცდომა დაუშვეს და სხვისი წაქეზებით, სხვისივე ინტერესების  სასარგებლოდ, ერთმანეთს ესროლეს, მაგრამ შეუძლიათ პატიება და საკუთარი ინტერესებიდან  გამომდინარე, ისევ გონივრული თანაცხოვრება.

არ ვურჩევთ ოპოზიციას ეთნოკონფლიქტებში დაღუპული ბიჭების სახელით მანიპულირებას. ქართველებიც, აფხაზებიც და ოსებიც პოლიტიკოსების შეცდომას შეეწირნენ და ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამ შეცდომის გამოსწორებას ცდილობს. მტრისთვის მათთვის სრული კომფორტია დღემდე ამ კონფლიქტების გაყინვა და არა მოგვარება. ოპოზიციის სულისკვეთებაც მხოლოდ მათ ინტერესებს ემსახურება.

ერთადერთი, ვინც მტერს ამ კომფორტს უნგრევს, ბიძინა ივანიშვილია, რომლის სამშვიდობო გეგმაც შიდა კონფლიქტების დარეგულირების საკითხში, სწორედ რომ შერიგებაზე, აღიარებაზე და მიტევებაზე გადის. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ მშვიდობიან თანაცხოვრებას,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.