დღევანდელ შეხვედრაზე ჩემს კოლეგას მადლობა გადავუხადე ისტორიული გადაწყვეტილებისთვის - გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისათვის, რომელიც უკავშირდება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ურთიერთობებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მისი დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ გარდამტეხი როლი შეასრულა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად გიმასპინძლოთ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საქართველოში და პატივია, გიმასპინძლოთ წარმომადგენლობით დელეგაციას სომხეთიდან.
კიდევ ერთხელ მინდა, გავიხსენო ჩემი ვიზიტი მარტში, სომხეთში და მადლობა გადავუხადო ჩვენს მასპინძლებს გულთბილი დახვედრისთვის.
საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობა ეფუძნება მრავალსაუკუნოვან მეგობრობას ჩვენს ხალხებს შორის, მრავალსაუკუნოვან ურთიერთპატივისცემას და მოხარულები ვართ, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდა, პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაში, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.
მოხარული ვარ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ გარდამტეხი როლი უკვე შეასრულა ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით და ამ ყველაფერს აქვს კონკრეტული პრაქტიკული შედეგები.
დღევანდელ შეხვედრაზე ჩემს კოლეგას მადლობა გადავუხადე ისტორიული გადაწყვეტილებისთვის - გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისათვის, რომელიც უკავშირდება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ურთიერთობებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.