ირაკლი კობახიძე: აშენდება 43 კორპუსი და ბინები გადაეცემა 1 200 სამხედრო მოსამსახურეს, ისინი კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 100 აშშ დოლარს გადაიხდიან, იმოქმედებს შიდა უპროცენტო განვადება

ირაკლი კობახიძე: აშენდება 43 კორპუსი და ბინები გადაეცემა 1 200 სამხედრო მოსამსახურეს, ისინი კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 100 აშშ დოლარს გადაიხდიან, იმოქმედებს შიდა უპროცენტო განვადება

ვიწყებთ ახალ, ძალიან მასშტაბურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც, აშენდება 43 კორპუსი და ბინები გადაეცემა 1 200 სამხედრო მოსამსახურეს, ეს არის სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ჩვენი უდიდესი პატივისცემის გამოხატულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ასეთი ინიციატივები გააუმჯობესებს სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახების სოციალურ პირობებს, გაზრდის სამხედრო სამსახურში ჩართვის სურვილს და გააძლიერებს ქართულ ჯარს.

მთავრობის მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეებისთვის საბინაო პროექტის ახალი ეტაპის დასაწყებად სწრაფი რეაგირებისა და გეგმის წარმოდგენისთვის თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა.

„თანამონაწილეობის პრინციპის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურეები კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 100 აშშ დოლარს გადაიხდიან და ამის დასაფარად უპროცენტო შიდა განვადება იმოქმედებს. ბინები განაწილდება სულადობის პრინციპის შესაბამისად, სამხედროები 50, 80  და 110 კვ.მ. ბინებს მიიღებენ. მომავალშიც გაგრძელდება ეს პროექტი, ამას უზრუნველყოფს ჩვენი ახალი თავდაცვის კოდექსი და ბუნებრივია, ასეთი ინიციატივები გააუმჯობესებს სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახების სოციალურ პირობებს, აამაღლებს სამხედროების მოტივაციას და  გაზრდის სამხედრო სამსახურში ჩართვის სურვილს, ზოგადად კი ეს ყველაფერი გააძლიერებს ქართულ ჯარს, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი,"- განაცხადა პრემიერმა.