რადიკალური ოპოზიცია სინამდვილეში ემზადება არჩევნების მეორე დღისთვის და არჩევნების არაღიარებისთვის. ეს არის ის ტრადიცია, რომელიც მათ უკვე 2012 წლიდან აქვთ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან.
ჟურნალისტმა შლვა პაპუაშვილს ჰკითხა, რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 27 პარტიიდან ხელი მხოლოდ ექვსმა მოაწერა.
„ეს საერთო ჯამში აჩვენებს და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ რადიკალური ოპოზიცია სინამდვილეში ემზადება არჩევნების მეორე დღისთვის და არჩევნების არაღიარებისთვის. ეს არის ის ტრადიცია, რომელიც მათ უკვე 2012 წლიდან აქვთ. არც 2012 წლის არჩევნები აღიარეს, არც - 2016-ის, არც 2020 წლის არჩევნები. სამივე არჩევნებზე დასჭირდათ წნეხი იმისთვის, რომ ეღიარებინათ შედეგები. აქაც იგივე ლოგიკას მიყვებიან და აპირებენ, რომ არ აღიარონ ეს არჩევნები. აქედანვე ამზადებენ საბაბს. არ უნდათ ელემენტარულ სტანდარტზე აიღონ პასუხისმგებლობა. იმედი მაქვს, რომ ამას ყურადღებას მიაქცევენ საერთაშორისო, სადამკვირვებლო მისიები. ეს არის პირდაპირ აღიარება იმის, რომ ოპოზიცია ემზადება რადიკალური წინასაარჩევნო კამპანიისთვის და რადიკალური დღის წესრიგისთვის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.