58 წლის რაიან უესლი რუთი, რომელიც ფლორიდაში დონალდ ტრამპის სავარაუდო მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით დააკავეს, არის თვითდასაქმებული მშენებელი ჰავაიდან. Რუთი სოციალურ მედიაში პოლიტიკასა და მიმდინარე მოვლენებზე საუბრობდა, ზოგჯერ ყოფილ პრეზიდენტს აკრიტიკებდა.
ამასთან, როგორც „სიენენი“ წერს, რუთი უკრაინის მხარდამჭერია, მან გამოხატა ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ 2022 წელს სოციალურ ქსელში ათობით პოსტში, სადაც ამბობდა, რომ მზად იყო, მომკვდარიყო ბრძოლაში და რომ „ჩვენ უნდა დავწვათ კრემლი“.
ადგილობრივი პროკურორი იუწყება, რომ ფლორიდაში ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სავარაუდო მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით დაკავებულმა პირმა დაპატიმრებისას დუმილის უფლება გამოიყენა.
„მან იცოდა, რომ უნდა გაჩუმებულიყო. Ის გამოიყურებოდა, როგორც ადამიანი, რომელსაც ეს ადრეც ჩაუდენია – არა აუცილებლად ეს დანაშაული – ადამიანი, ვისაც სამართალდამცავებთან ურთიერთობა ჰქონია“, – განაცხადა დევიდ არონბერგმა, პალმ-ბიჩის ოლქის პროკურორმა.
არონბერგმა ეჭვმიტანილის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა თქვა, რომ მას „კრიმინალური წარსული“ ჰქონდა.