იშვიათია საქართველოს სხვა კუთხე, რომელსაც ამდენი ჭირ-ვარამი, შემოსევა, ნგრევა და ღალატი გადაეტანოს და მაინც ასე მტკიცედ, შეუპოვრად, ერთგულად მოეტანოს დღემდე ქართული სიტყვა, ქართული სული და ქართული შემართება,’’ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, გორში სიტყვით გამოსვლისას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, 2008 წლის ეროვნული ტრაგედიის გამო, გორელებმა და შიდა ქართლის მკვიდრებმა, ყველაზე კარგად იციან მშვიდობის ფასი.
მისი თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ საქართველო კიდევ ერთხელ შევიდეს ომებისა და ნგრევის ჩაკეტილ წრეში, რომელსაც ,,ქართული ოცნების’’ ხელისუფლების პოლიტიკით, როგორც იქნა, თავი დააღწია ქვეყანამ.
,,მოგესალმებით ქართლის გულში, სადაც ყველაზე მაგრად ძგერს საქართველოს მაჯისცემა - გამორჩეულად ვაჟკაცი, მშრომელი და ნიჭიერი ხალხის სამშობლოში. იშვიათია საქართველოს სხვა კუთხე, რომელსაც ამდენი ჭირ-ვარამი, შემოსევა, ნგრევა და ღალატი გადაეტანოს და მაინც ასე მტკიცედ, შეუპოვრად, ერთგულად მოეტანოს დღემდე ქართული სიტყვა, ქართული სული და ქართული შემართება. ყველა მომხდურმა იცის, რომ თუ საქართველოს დაზიანება გინდა, მისი ხერხემალი - შიდა ქართლი - უნდა გატეხო. ამიტომაც, კანონზომიერია, რომ სწორედ ამ მხარეში, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ორი ომის გადატანა მოუხდა საქართველოს - ომების, რომლებმაც სისხლიანი იარა დაგვიტოვა ჩვენც და ჩვენს მოძმე ოს ხალხსაც. 2008 წლის ეროვნული ტრაგედიის გამო, თქვენ, გორელებმა და შიდა ქართლის მკვიდრებმა, ყველაზე კარგად იცით მშვიდობის ფასი. რაც დრო გადის, უკრაინის ტრაგედიის ფონზე, მით უფრო აშკარა ხდება იმ საფრთხის მასშტაბი და რეალობა, რომლის წინაშეც ჯერ კიდევ ვდგავართ და საკმარისია ერთი გაუფრთხილებელი მოძრაობა, ერთი შეცდომა, რომ ჩვენი ქვეყანა და ეს მხარე ხელახლა დაინგრეს და გაპარტახდეს; ჩვენი ხალხი კიდევ ერთხელ შევიდეს ომებისა და ნგრევის ჩაკეტილ წრეში, რომელსაც ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკით, როგორც იქნა, თავი დავაღწიეთ,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას, ასევე ისაუბრა მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ მხრივ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს.
,,ამქვეყნად, ყველაზე დიდი სახელმწიფოებრივი გამჭრიახობა და ძალისხმევა სჭირდება მშვიდობას და არა ომს. ომის დაწყება მარტივია, ის ნებისმიერმა სულელმა შეიძლება დაიწყოს. ძნელია მშვიდობა, ძნელია შენება, რაც უკვე 12 წელია ჩვენი ხელისუფლების საზრუნავია. და სწორედ იმიტომ, რომ ვირჩევთ წინდახედულობას და არა თავქარიანობას, ვირჩევთ ჩვენი ხალხის ინტერესებით მოქმედებას და არა სხვა ქვეყნების ინტერესების მსახურებას, ერთადერთი ხელისუფლება აღმოვჩნდით, ვინც შეძლო შეენარჩუნებინა მშვიდობა, ერთი მისხალი ეროვნული ინტერესის დათმობისა და უკანდახევის გარეშე. ოპოზიცია გარწმუნებთ, რომ ომები გარდაუვალია და ხელისუფლებების ამოცანა მხოლოდ ამ ომებისთვის მზადებაა. რომ ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო, ვერცერთ ომს, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, ვერ ავიცილებდით. რომ ჩვენ არჩევანი მხოლოდ ჩაყოლასა და ჩათრევას შორის გვქონდა. ჩვენი მმართველობა კი ამის საპირისპიროს ამტკიცებს. მაშინ, როცა ჩვენს გარშემო კონფლიქტების ცეცხლის რკალია, წინა ხელისუფლებებისგან განსხვავებით ჩვენ არც ჩავყევით და არც თავი ჩავათრევინეთ. ეს შევძელით იმიტომ, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა ვაქციეთ შესაძლებლობად და არა იარაღად მტრისა თუ მეგობრის ხელში. სწორედ ასეთია პოლიტიკურად შემდგარი სახელმწიფო და არა ის ლოზუნგების ქვეყანა, რომელშიც ოპოზიციას და მის აქტივისტებს უნდათ რომ დაგვაბრუნონ,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქვეყნის გაერთიანებისკენ გზა მშვიდობაზე გადის და არა ომზე. ამიტომაც, 26 ოქტომბრის არჩევნები, მისი თქმით, უნდა იქცეს წყალგამყოფად, რომ აღარასოდეს საქართველო აღარ ჩაეფლოს მტრობისა და ღალატის მორევში.
,,მშვიდობის შენარჩუნებაზე არანაკლებ ძნელია მიტევება, ომის შემდეგ ნდობის აღდგენა, გაერთიანებულ ქვეყანაში საერთო ენის გამონახვა. რაოდენ დიდი ტრაგედიაა, რომ ქართველებსა და ოსებს შორის, წლების განმავლობაში დიდი ძალისხმევით ჩაყრილი ნდობის ნერგები, დღეს ოპოზიციაში მყოფი ადამიანების მიერ, ერთი ხელის მოსმით იქნა გადასხეპილი. ნდობის აღდგენის ნაცვლად, მათ ყველაფერი გააკეთეს დაპირისპირების, მტრობისა და უნდობლობის გაღვივებისთვის. ისინი ერთნაირად ექცეოდნენ ოსებსა და ქართველებს - მათი მთავარი მიზანი და უნარი ხალხის დაჩაგვრა, დამორჩილება და გამწარება იყო, რაც თანაბრად გამოუვიდათ მთელი მოსახლეობის მიმართ, ეთნიკურობის განურჩევლად.
და გგონიათ მათ რამე ასწავლა ომმა და ტრაგედიამ, ან 2012 წლის მერე ყველა არჩევნების წაგებამ, ან მათი დანაშაულების საქვეყნოდ აღიარებამ?
მათთვის რომ მოგვესმინა, მოხალისეები უნდა გაგვეგზავნა უკრაინაში და გავმხდარიყავით სამხედროს დაპირისპირების მხარე, დაგვეწესებინა სანქციები და გავმხდარიყავით ეკონომიკური დაპირისპირების მხარე და როდესაც ესკალაცია ლოგიკურ შედეგამდე მივიდოდა და ქვეყანა ომის ქარცეცხლში კიდევ ერთხელ გაეხვეოდა, კვლავ დავინახავდით მათი მანქანების კოლონებს წითელი ხიდის და სარფის მისადგომებთან.
და რას გვპირდებიან ახლა? ისევ იგივეს - ომში მოხალისეების გაგზავნას, სანქციების დაწესებას, ესკალაციას. მათ კვლავაც სურთ, რომ გეოპოლიტიკა ქვეყნის წინააღმდეგ მოატრიალონ და საქართველოსთვის წყევლად აქციონ.
ჩვენი ქვეყნის ხანგრძლივი ისტორიის ამ ეტაპზე, არ არსებობს ქვეყნის გაერთიანებაზე უფრო მაღალი მიზანი. ან როგორ შეიძლება რაიმე იყოს იმაზე უპირატესი, რასაც ადამიანებმა სიცოცხლე შესწირეს? ვერც ერთი იდეა ამ მიზანზე მაღლა ვერ დადგება. ქვეყნის გაერთიანებისკენ კი გზა მშვიდობაზე გადის და არა ომზე. ამიტომაც, ჩვენთვის 26 ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს წყალგამყოფად, რომ აღარასოდეს საქართველო აღარ ჩაეფლოს მტრობისა და ღალატის მორევში. პირიქით, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ქვეყნის, ხალხების, ადამიანების, მოყვრების, მეგობრების გაერთიანება, მიტევება, ნდობა და, რა თქმა უნდა, როგორც ამ ყველაფრის დიდი სიმბოლო, პოლიტიკურად ერთიანი საქართველოს აღდგენა.
გაუმარჯოს ერთიან საქართველოს!
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!’’- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.