ალბათ, უკვე იცით, რომ პრინცი უილიამის ცოლს, ქეით მიდლტონს, ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს — მარტში პრინცესამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მოარული ხმები მისი სიმსივნის შესახებ მართალი იყო. მას არ დაუკონკრეტებია, კერძოდ რისი სიმსივნე ჰქონდა, თუმცა თქვა, რომ მკურნალობის ინტენსიურ კურსს გადიოდა და საზოგადოებას მისი პირადი სივრცის პატივისცემა სთხოვა.
გუშინ კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ სოციალურ ქსელებშში ქეით მიდლტონის ვიდეო გამოჩნდა, სადაც პრინცესა იუწყება, რომ ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა და აპირებს, რომ "კიბოსგან თავისუფლად დარჩეს" მისი "ოჯახისთვის ურთულესი" ცხრა თვის შემდეგ.
ქეითმა ისიც აღნიშნა, რომ ბედნიერია, რადგან სამეფო ოჯახის წევრის ოფიციალური ვალდებულებების შესრულების გაგრძელებას შეძლებს. მისი თქმით, მომავალ თვეებში დაგეგმილ საჯარო ვიზიტებზე გამოჩნდება. "ჩემი გზა გამოკეთებისა და სრული გამოჯანსაღებისკენ გრძელია და ყოველი დღე სრულად უნდა გამოვიყენო," — თქვა პრინცესამ.
ქეით მიდლტონი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წევრი და ქვეყნის მომავალი დედოფალია. მისი გამოკეთების ამბავი მონარქიისთვის ძალიან სასიხარულოა, რადგან პრინცესა ოჯახის მეორე წევრია, რომელსაც სიმსივნე აქვს — ამჟამად მეფე ჩარლზიც მკურნალობის კურსს გადის.