სხვენი, უმეტეს შემთხვევაში, არასაჭირო ნივთების შესანახი ადგილია, თუმცა ზოგჯერ აქ შეიძლება საგანძურიც აღმოაჩინო.
გასული თვის ბოლოს, ნახატი, რომელიც აუქციონერმა ამერიკის შტატ მეინში აღმოაჩინა, სავარაუდოდ, მე-17 საუკუნის ჰოლანდიელი მხატვრის, რემბრანდტ ვან რინის, ნამუშევარია. მისი ღირებულება აუქციონზე $1.4 მილიონი იყო. როგორც ჩანს, ათწლეულების განმავლობაში რემბრანდტის ეს ნახატი კამდენის ერთ-ერთი ფერმის სხვენში ინახებოდა.
ნახატი "ახალგაზრდა გოგონას პორტრეტი" აუქციონერმა კაია ვეილმა რუტინული საქმიანობის დროს აღმოაჩინა, მაშინ, როდესაც მდიდარი ოჯახის მფლობელობაში არსებულ ნივთებს აფასებდა. მისი თქმით, რემბრანდტის ხელწერა მაშინვე იცნო.
ნახატი, რომელზეც გოგონა შავ კაბაში, თეთრ საყელოსა და თეთრ თავსაბურავშია გამოსახული, იდეალურ მდგომარეობაშია. პორტრეტს მხატვრის ხელმოწერა არ ახლდა, რაც უჩვეული არც არის, ვინაიდან რემბრანდტს თავისი ყველა ნახატისთვის ხელი არ მოუწერია.
მეგი ფეირსმა, ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმის სპიკერმა, აღნიშნა, რომ მუზეუმმა ნახატი შეისწავლა, თუმცა ძნელი აღმოჩნდა იმის დადასტურება, იყო თუ არა აღნიშნული ნახატი გასული ათწლეულების განმავლობაში მუზეუმში გამოფენილი.
ნახატის შეძენის სურვილი ცხრა ადამიანმა გამოთქვა, საბოლოოდ ის უცნობმა ევროპელმა 1.4$ მილიონად იყიდა, რის შემდეგაც ის აუქციონის სახლის ყველაზე ძვირდღირებულ ნახატად იქცა.
ნახატი უფრო ძვირადღირებული იქნება, თუ მარკ ვინტერმა, ექსპერტმა, რომელიც რემბდანდტის ნახატებს წლების განმავლობაში იკვლევს, დაადასტურა, რომ ის ნამდვილად ავთენტურია.
"ადამიანმა, რომელმაც ნახატი 1.4$ მილიონად შეიძინა, უკვე დიდი მოგება ნახა, რადგან ამ ნახატის ღირებულება, სავარაუდოდ, 15$ მილიონია. ის ძალიან ჰგავს რემბრანდტს" — განაცხადა მისერ ვინტერმა და დასძინა, რომ მისი აზრით, პორტრეტზე გამოსახული გოგონა სხვა ახალგაზრდა ქალებს ჰგავს, რომლებიც რემბრანდტმა დახატა.