დეშამი:

დეშამი: "იტალია იტალიად რჩება, მათი მოტივაცია ახლა უფრო დიდი იქნება"

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ერთა ლიგაზე იტალიის ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ევრო 2024-ზე წარუმატებლობა იტალიის ნაკრებს მოტივაციას გაუზრდის და ადვილ თამაშს არ ელოდება.

„ევროპის ჩემპიონატზე ეფექტიანობა გვაკლდა და ამან დაგვაზარალა. მიუხედავად ამისა, ნახევარფინალამდე მაინც მივედით. სამ დღეში ორი მატჩი გვაქვს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გავა მოედანზე, მიზანი ყოველთვის საუკეთესო შედეგის მიღწევაა. ეს არ არის ამხანაგური მატჩები, ერთა ლიგაა. იტალია ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ძალიან შეიცვალა. არ მივცემ თავს უფლებას, რომ იტალიაზე ვიმსჯელო, არ ვიცი, წარსულში რა გამოიარეს, სპალეტი ისაუბრებს ამაზე. იტალია რჩება კონკურენტუნარიან გუნდად, იტალია რჩება იტალიად და ევროპის ჩემპიონატზე ჩავარდნის გამო ახლა მათ კარგად თამაშის უფრო მეტი სურვილი ექნებათ“, - თქვა დეშამმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთისა და იტალიის მატჩი 6 სექტემბერს, „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე გაიმართება.