თეა წულუკიანი: ოპოზიციაში მყოფი ადამიანები ფაშისტური მეთოდებით ცდილობენ, განსხვავებული აზრის მოქალაქე დაჩაგრონ, მიაყენონ დაზიანება მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს

თეა წულუკიანი: ოპოზიციაში მყოფი ადამიანები ფაშისტური მეთოდებით ცდილობენ, განსხვავებული აზრის მოქალაქე დაჩაგრონ, მიაყენონ დაზიანება მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს

ვიცე-პრემიერი, კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი ერმილე გიგიაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ოპოზიციაში მყოფი ადამიანები ფაშისტური მეთოდებით ცდილობენ, განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეს მიაყენონ შეურაცხყოფა, დააყენონ ტრაგიკული შედეგი თავიანთი ქმედებებით.

„სიტყვებს ვეძებ, რომ ამ ტრაგედიის შესაბამისი სიტყვები მოძებნოს ადამიანმა. მინდა, დიდი მწუხარება გამოვხატო მომხდართან დაკავშირებით და ვთქვა, რომ ტრაგიკულია, როდესაც ოპოზიციაში მყოფი ადამიანები დაკავებული არიან არა ოპონირებით, არამედ ადამიანების ჩაგვრით.

რეალურად, ფაშისტური მეთოდებით ცდილობენ, განსხვავებული აზრის მოქალაქე, იქნება ეს ხელისუფლებაში მყოფი, თუ საზოგადოების წევრი, დაჩაგრონ, შეურაცხყოფა მიაყენონ, მიაყენონ დაზიანება მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, თავიანთი ქმედებებით დააყენონ ის ტრაგიკული შედეგი, რაც დადგა.

ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება კანონით გათვალისწინებული რეაგირება და ჩვენ ისღა დაგვრჩენია, გავაგრძელოთ ბრძოლა. ბრძოლა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე ჩაბარდეს წარსულს და გვქონდეს ჯანსაღი პოლიტიკური გარემო, თუნდაც მწვავე ოპონირებით, მაგრამ არგუმენტებით ერთმანეთთან ბრძოლის, არა ადამიანზე თავდასხმის, სახლში მივარდნის, რაც ჩვენს შემთხვევაშიც ხდება ხოლმე და ასეთი სავალალო შედეგებით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.