ბრაიან მეიმ გაამხილა, რომ ინსულტი გადაიტანა

ბრაიან მეიმ გაამხილა, რომ ინსულტი გადაიტანა

ლეგენდარული Queen-ის გიტარისტმა ბრაიან მეიმ ინსულტი გადაიტანა. როგორც 77 წლის მუსიკოსმა, საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა, ეს დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა.

მეიმ გაამხილა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მარცხენა ხელს ვერ ამოძრავებდა და გიტარაზე ვერ უკრავდა, თუმცა ახლა გამოჯანმრთელების გზას ადგას და კვლავ შეუძლია მუსიკით დაკავდეს.

„კარგი ამბავი ისაა, რომ გიტარაზე დაკვრა ისევ შემიძლია. ამის გარანტია არ მქონდა და უნდა ვთქვა, რომ ამან ცოტა შემაშინა“, - აღნიშნა მუსიკოსმა.

ბრაიან მეი 1947 წლის 19 ივლისს დაიბადა. გიტარაზე 7 წლიდან უკრავს. მან დაწერა Queen-ის ისეთი ცნობილი კომპოზიციები, როგორებიცაა We Will Rock You, Who Wants to Live Forever, I Want It All, The Show Must Go On და ა.შ. ამასთან, მეი ასტროფიზიკოსია, ფილოსოფიის დოქტორი და ცხოველთა დაცვის ფონდის Save me დამფუძნებელი.

2023 წელს ბრიტანეთის მეფემ მეი რაინდად აკურთხა, რამდენიმე თვეში კი ცნობილი გახდა, რომ სწორედ Queen-ის გიტარისტი დაეხმარა NASA-ს დედამიწაზე ასტეროიდიდან ნიმუშების ჩამოტანაში.