გუშინ, გვიან ღამით, ცნობილი გახდა, რომ მცხეთაში ერთ-ერთ მომლოცველ ქალბატონს სხეულზე ჯვარი გამოესახა. ამის ამსახველი ვიდეო „სამოქალაქო პრესამ" გაავრცელა.
როგორც ქალბატონის ახლობლები აცხადებენ, ჯვარი მხოლოდ ზურგზე შეამჩნიეს, თუმცა მათი თქმით, შესაძლოა გამოსახულებები სხეულის სხვა ადგილებზეც ჰქონდეს, ამის გარკვევას კი სახლში მისვლის შემდეგ შეძლებენ.
„შემოვედი თუ არა მცხეთის გზაზე, მაშინვე ვიგრძენი წვა. ადრეც მქონდა ჯვრები სხეულზე და მივხვდი, ახლაც მსგავსი რამ მოხდა. მცხეთაში მოვედი თუ არა წვა შემიჩერდა. 6 წლის წინ, სანამ გავთხოვდებოდი, მაშინ დამემართა ასეთი რაღაც. გათხოვების შემდეგ გამიქრა და ჩემ შვილს გამოესახა შუბლზე. 2 წლის წინ კი ხუთი ჯვარი გამომესახა ზურგის არეში. დღევანდელ ფაქტს იმას ვუკავშირებ, რომ ერთი წლის წინ წინასწარმეტყველების უნარი შევიძინე. რასაც ვხედავდი, აბსოლუტურად ყველაფერი ხდებოდა ", - აცხადებს ქალბატონი.
როგორც ის აცხადებს, მოძღვარი ჰყავს და როდესაც მასთან ამ თემაზე ისაუბრა, მისგან ის განმარტება მოისმინა, რომ არსებობს მილიარდიდან ერთი ასეთი შემთხევევა და როცა ეს ხდება, იმას ნიშნავს, რომ ის ადამიანი ღმერთის რჩეულია.
მან და მისმა ახლობლებმა სცადეს, ეს ფაქტი სასულიერო პირებისთვის მოეთხროთ, თუმცა მცხეთის ტაძარში ხალხმრავლობის გამო მისი ნახვა ვერ შეძლეს.
შეგახსენებთ, მცხეთაში სამი დღის განმავლობაში გზები იყო გადაკეტილი და მოძრაობას პატრული არეგულირებდა. ხალხის მომძლავრებული ნაკადი მამა გაბრიელის საფლავზე მოსალოცად იყო მისული. ამის მიზეზი კი მანამდე გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომლის თანახმადაც, ვინც შობამდე მამა გაბრიელის საფლავს მოილოცავდა, საფლავთან ჩათქმული ორი სურვილი აუცილებლად აუხდებოდა.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)